ახალი ამბები

„სტრასბურგს მივაწვდით ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“ — მინისტრი

11 ნოემბერი, 2021 •
„სტრასბურგს მივაწვდით ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“ — მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბრამდე მიაწვდის დამატებით ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რაც იმ წერილში იყო მოთხოვნილი, რომელიც სამინიტრომ სასამართლოსგან 10 ნოემბერს მიიღო.

ბრეგაძე აცხადებს, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა:

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთი მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. სტრასბურგის სასამართლომ ზემოაღნიშნული არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ.

სტრასბურგის გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესის დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთხელ განმარტა, რომ პატიმრის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების თაობაზე და გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, — ამბობს რატი ბრეგაძე.

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში წარმოადგენენ ადვოკატები: თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია.

„სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა, რომ განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტა მოეწოდებინა.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას (სასამართლოს) უნდა აცნობოს აპლიკანტის (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) და (მთავრობამ) უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მისი უსაფრთხოება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისას.

მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ 39-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების შეუსრულებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.

ამასთან დაკავშირებით ნახსენებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მამატკულოვისა და ასკაროვის საქმეებზე 2005 წლის 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების 128-ე და 129-ე პარაგრაფები, ასევე, ამავე საქმის სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას პრიორიტეტი მიანიჭოს“, – წერია სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გაგზავნილ წერილში.

39-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ სასამართლომ ორივე მხარისგან მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება.

ინფორმაციის წარსადგენად მხარეებს ვადა 24 ნოემბრამდე მიეცათ.

სტრასბურგის ექს-მოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

მასალების გადაბეჭდვის წესი