ახალი ამბები

სრულიად შეფუთული შევდივარ ციხეში და ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ – ლომჯარია

10 ნოემბერი, 2021 • 2105
სრულიად შეფუთული შევდივარ ციხეში და ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ – ლომჯარია

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, არსებობს ეჭვი, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში პატიმრების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გინება წინასწარ ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღნიშნულ დაწესებულებაში სრულიად შეფუთული შევიდა, პატიმრები მის გვარსაც სკანდირებდნენ.

„პატიმართა ქცევის მართვასთან დაკავშირებით ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ როგორც დახურულ დაწესებულებაში, ასევე ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში, პატიმართა ქცევის მართვა ხდება ე.წ. მაყურებლების მიერ. ჩვენ თავადაც გვქონია შემთხვევები, როცა ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ძალიან კოორდინირებულად მომხდარა თავდასხმები, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რაზეც დარწმუნებულები ვართ და გარკვეული გარემოებებიც ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული და არ იყო პატიმართა ცალკეული ჯგუფის სიბრაზის გამოვლენა ჩვენ მიმართ. მით უმეტეს, ერთადერთი ინსტიტუტი ვართ, რომელიც მათ უფლებებს ვიცავთ ნებისმიერ ვითარებაში.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ,  სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში  და რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ მანქანიდან შევიდოდი მე-18 დაწესებულებაში და  ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი