მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებული 10 დემონსტრანტიდან 4 მათგანის, თორნიკე თოშხუას, მარიამ მეყანწიშვილის, შაკო ბაღდოშვილისა და ნატო ბოლქვაძის საქმეები გააერთიანა, ერთ სხდომაში განიხილა და ყველა სამართალდამრღვევად ცნო.

ცეკვავამ ნაწილს პატიმრობა შეუფარდა, ნაწილს ჯარიმა დააკისრა.

  • თორნიკე თოშხუა — ჯარიმა 3000 ლარი
  • მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 6000 ლარი
  • ნატო ბოლქვაძე — პატიმრობა 5 დღით
  • შაკო ბაღდოშვილი — პატიმრობა 10 დღით

მარიამ მეყანწიშვილს, როგორც 12 წელს მიუღწეველი ბავშვის დედას, პატიმრობას ვერ შეუფარდებდნენ. „მოვითხოვდით პატიმრობას, მაგრამ კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას“, — წამოიძახა შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ ამ საკითხზე მსჯელობისას.

ოთხივე დემონსტრანტი მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა საჯარო მოხელემ, თორნიკე თოშხუამ თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით. ყოფილი საჯარო მოხელეა ნატო ბოლქვაძეც, ის იყო ერთ-ერთი მოწმე თორნიკე თოშხუას საქმეში და ადასტურებდა, რომ გოცირიძე თავადვე იყო კონფლიქტის ინიციატორი. მარიამ მეყანწიშვილი იყო ერთ-ერთი ბრალდებული 4 ოქტომბრის საქმეში და ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა.

26 ივლისს ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს ფურცლის გამო, რომელზეც ეწერა კითხვითი წინადადება „ბიძინა ყ**ა?“ ორი სავარაუდო პასუხით, „კი“ და „არა“. მოგვიანებით მის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ კიდევ 9 მოქალაქე დააკავა, რომელთაც იმავე შინაარსის ფურცლები ეკავათ — ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე და ნატო ბოლქვაძე.

რა ხდებოდა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, მათ შორის, სამუშაო საათების გასვლის შემდეგაც

[ღამით დაიწყო მოსამართლე ცეკვავამ დგებუაძის, ნანავას, სეხნიაშვილის გაერთიანებული საქმეების განხილვა. ამაზე ქვემოთ, მასალის განახლებაში]

შსს-ს წარმომადგენელმა ბუბა ნაჭყებიამ მოიყვანა მაგალითი, „როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ მწერალს“ [გულისხმობს, სავარაუდოდ, ონისე ოქრიაშვილის ხუმრობას, რომელიც ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფად დაატრიალეს „ოცნების“ სატელიტმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა, ტელევიზიების ჩათვლით]. ბუბა ნაჭყებიას თუ დავუჯერებთ, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით და დაკავებით, ამ 10 დემონსტრანტს შსს იცავს, რომ მათ ვინმე თავს არ დაესხას და სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინონ მათთან მიმართებით [როგორც ეს ონისე ოქრიაშვილთან მოხდა, როცა მასზე ორკესტრირებული შეტევისა და პროპაგანდისტული სიუჟეტების შემდეგ, ოქრიაშვილს 3 პირი ჩაუსაფრდა და თავს დაესხა].

„გამოვხატე ჩემი უფლება, არავის ლანძღვა-გინება არ მიწარმოებია. ვერ განმარტავს შსს, ვის მიმართ იყო შეურაცხყოფა. მე რომ საზოგადოებრივი აზრით დავინტერესდე, არის თუ არა ამინდი ცუდი და ეს სიცუდე სამი ასოთი გამოვხატო, საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა?“ — თქვა თორნიკე თოშხუამ სასამართლოში.

თოშხუა ჰყვება, რომ ისე დააკავეს, მისთვის უფლებები არ განუმარტავთ. მერე კი უთხრეს, რომ დროებით იყო შეჩერებული. კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს და იქ მიიღეს მისი დაკავების ბრძანება.

სხდომათა დარბაზში სიტყვა თქვა შაკო ბაღდოშვილმაც. მან აღნიშნა, რომ დემონსტრანტების ბანერები, რის გამოც ისინი დააკავეს, არის ერთგვარი მონაწილეობა რეფერენდუმში, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის ქცევა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

„ამერია პლაკატები, ჩემს პლაკატზე უნდა ყოფილიყო „ბიძინა მზეა?“ და პასუხი უნდა ყოფილიყო „არა“. ეს იყო რეფერენდუმი. თქვენ რას უპასუხებდით ამ კითხვას? ეს არ იყო ძალადობრივი აქტი! საზოგადოებას სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ყველა ჯაჭვში ვართ ჩაბმული და თითოეული ჩვენგანის ქცევა ყოველდღე არის პასუხი რეფერენდუმით დასმულ კითხვებზე.

არც მე მომწონს არანაირი უხეში სიტყვის თქმა, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი პასუხი. თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ, დავისაჯოთ, კი ბატონო. მაგრამ იმ ხალხს რას უშვრებით, ნოდარ დუმბაძე რომ მარტო მურტალოს ხაზით გაიგეს? რას უშვრებით იმას, რომ ცოტა ხანში მარტო მურტალოებით იქნება ეს საზოგადოება სავსე?!“ — მიმართა შაკო ბაღდოშვილმა მოსამართლე ცეკვავას.

მარიამ მეყანწიშვილი სხდომიდან მოსამართლე ცეკვავამ გააძევა მას შემდეგ, რაც შსს-ს წარმომადგენელ ბუბა ნაჭყებიას მისი რამდენიმე წლის წინანდელი კონფლიქტი შეახსენა ლექტორთან, როცა ახალგაზრდა ნაჭყებია სისტემას კომუნიზმის გამოხატულებად მოიხსენიებდა. ლექტორმა მას სწორედ ფეისბუკის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა, ედავებოდა სწორედ წვრილმან ხულიგნობას, რასაც დაკავებულ დემონსტრანტებს ედავებიან. მაშინ ბუბა ნაჭყებია ამის შესახებ საჯაროდ საუბრობდა და ამბობდა, რომ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდნენ.

ნატო ბოლქვაძე საუბრობს ძალადობრივ დაკავებაზე, იმაზე, რომ იმდენად უხეშად შეაგდეს მანქანაში, ოქმშიც აღნიშნულია, რომ დაზიანება მიიღო.

მარიამ მეყანწიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს მოწმე პოლიციელებმა, გიორგი ჯანიაშვილმა და გურამ კოდელაშვილმა. ჯანიაშვილი ამტკიცებდა, რომ მარიამ მეყანწიშვილი იგინებოდა უშვერი სიტყვებით უმისამართოდ, „ახსენებდა მამაკაცის სასქესო ორგანოს“, ოღონდ პარლამენტის წინ, სანამ საკრებულოსთან გადაინაცვლებდა.

შაკო ბაღდოშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა პოლიციელმა ჯანო ჩინჩალაძემ და ამტკიცებდა, რომ შაკო ბაღდოშვილი ხელს უშლიდა სხვა ადამიანების დაკავებას. ამასთან, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს ფურცლით, რომელზეც ეწერა უხამსი სიტყვა და არ ტოვებდა ტერიტორიას. იგივე გაიმეორა კიდევ ერთმა პოლიციელმა.

მოწმე პოლიციელმა ანუკი ცოფურაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ნატო ბოლქვაძეს ეჭირა პლაკატი „ბილწი სიტყვებით“, რასაც ხმამაღლაც იმეორებდა. ამასთან, ხელს უშლიდა სხვა ადამიანების დაკავებას. მისი დაკითხვისას მოსამართლე ცეკვავამ გააძევა ნატო ბოლქვაძე, რომელმაც მოწმე ტყუილში ამხილა. ანუკი ცოფურაშვილმა უარყო, რომ დაკავების ოქმის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის, „როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა“.

ნატო ბოლქვაძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება ასევე მოწმე პოლიციელმა აკაკი სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აქცია არ იყო მშვიდობიანი, ვინაიდან იქ იყო წარწერა უხამსი სიტყვით და მარტო ამის გამოც კი „დაკავდებოდა ნატო ბოლქვაძე“, რომც არ შეეშალა ხელი სხვა ადამიანების დაკავებისთვის.

სასამართლოში ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რომელსაც მხოლოდ მოსამართლე და მხარეები უყურებდნენ. დარბაზში წუთების განმავლობაში უსევ და ისევ ისმოდა შეძახილები აქციიდან — „ბიძინა ყ**ა?! კიიიი! დედისტ****  ბიძინას რუსულ რეჟიმს! სოლიდარობა თორნიკე თოშხუას! სოლიდარობა გიორგი ახობაძეს! სოლიდარობა ვახო სანაიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“

შსს-ს წარმომადგენელი ბუბა ნაჭყებია აცხადებს, რომ თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ მისდამი სოლიდარობის ნიშნად დემონსტრანტების შეკრება არ იყო აქცია, ეს იყო რამდენიმე ადამიანის შეკრება ბანერებით.

დემონსტრანტებს შსს ედავებოდა სასამართლოში წვრილმან ხულიგნობასა [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 166] და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა/წინააღმდეგობა/ხელშეშლას [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 173].

საკრებულოსთან დაკავებული 10 დემონსტრანტის საქმე ორ მოსამართლეზე, ზვიად ცეკვავასა და თორნიკე კაპანაძეზე გადანაწილდა.

მოსამართლე ცეკვავას მიერ 4 პირის საქმის განხილვის პარალელურად, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ:

    • 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ვასო ბერიძეს, მიუხედავად იმისა, რომ შსს მის პატიმრობას ითხოვდა;
    • 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ია მელითაურს.
    • გადადო თორნიკე ტიკარაძის საქმის განხილვა.

მოსამართლე ცეკვავას აწერია დაკავებული 10 დემონსტრანტიდან დარჩენილი სამის, ლაშა დგებუაძის, სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავას საქმეებიც.

განახლება:

დგებუაძის, სეხნიაშვილისა და ნანავას საქმეებიც გააერთიანა მოსამართლე ცეკვავამ და განხილვა ღამის დაახლოებით ღამის 10-ის ნახევარზე დაიწყო. სამივე მათგანი ცნო სამართალდამრღვევად. გადაწყვეტილება გამთენიის 2:15 საათზე გამოიტანა.

  • მარინე ნანავა — ჯარიმა 5000 ლარი;
  • სანდრო სეხნიაშვილი — 5000 ლარი;
  • ლაშა დგებუაძე — პატიმრობა 10 დღით.

ლაშა დგებუაძეს, განსხვავებით დანარჩენი დემონსტრანტებისგან, არც პლაკატი სჭერია და არც ხმა ამოუღია. სეხნიაშვილია ის ახალგაზრდა, რომელსაც აქციიდან გავრცელებულ კადრებში პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით მამაგეიშვილი ურტყამს. ორივე მათგანი უკვე იმყოფებოდა საკრებულოს შენობასთან, როცა იქ თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ, მისდამი სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ სხვა დემონსტრანტები. დაკავებების დაწყების შემდეგ, ჩოჩქოლში, როცა სეხნიაშვილი და დგებუაძე ტროტუარისკენ იხევდნენ უკან, ამ დროს დააკავეს ისინი და „ხელს გააყოლეს“.

პლაკატი არ სჭერია არც მარინე ნანავას. შსს დავობს, რომ ის ახმოვანებდა ბანერებზე გაკეთებულ წარწერას და დაკავებებს უშლიდა ხელს.

შსს და მათი მოწმე პოლიციელები, ზაზა რუაძე, სანდრო ბაბილოძე, აკაკი სააკაშვილი ამტკიცებდნენ, რომ დემონსტრანტები პოლიციელებს „ეჯიკავებოდნენ“. ხელს უშლიდნენ დაკავებებს, ილანძღებოდნენ.

დაიკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელიც 26 ივლისს საკრებულოსთან აქციას აშუქებდა. ასევე სტუდენტი ლუკა ხიზაძე. მათ დაადასტურეს, რომ სეხნიაშვილი და დგებუაძე დემონსტრანტებისგან მოშორებით და ჩუმად იდგნენ, პლაკატების გარეშე. რომ დავით მამაგეიშვილმა ხელი აღმართა და ჩაარტყა სეხნიაშვილს. მარინე ნანავას თავი მიარტყმევინეს და შეაგდეს დაკავების მანქანაში.

ადვოკატის კითხვაზე, რატომ გამოიყენეთ უკიდურესი ღონისძიება, პატიმრობა და რატომ არ გამოიყენეთ, მაგალითად ადგილიდან გარიდება, მოწმე პოლიციელი, აკაკი სააკაშვილი პასუხობს, რომ მარინე ნანავა იყო დასაკავებელი.

„სამწუხარო რეალობაა, რომ მე სამართალდამრღვევი ვარ და დავით მამაგეიშვილი — სამართალდამცველი“, — თქვა სანდრო სეხნიაშვილმა, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

„უკვე მანქანაში დაგდებულს წიხლები მირტყა პოლიციელმა სამხარაძემ. სილურჯეები მაქვს მთელ ტანზე, ჩემზე იარეს. არ მინდა იკლუზია შეგექმნატ, რომ ამ უწყებას სასამართლოდ აღვიქვამ და თქვენგან სამართლიანობის მოლოდინი მაქვს. ჩემი მოლოდინია საერთაშორისო სასამართლო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე აქეთა სკამზე დაგინახავთ და ყველა პასუხს აგებთ“, — თქვა მარინე ნანავამ, ასევე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.