ახალი ამბები

ამ კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი მოატყუეს, გაიტაცეს და მასზე იძალადეს – ადვოკატი

11 ნოემბერი, 2021 • 1741
ამ კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი მოატყუეს, გაიტაცეს და მასზე იძალადეს – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომელიც ასახავს სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანას, ადასტურებს ყველაფერს, რაზეც აქამდე საუბრობდნენ:

„ჩვენი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიტაცეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე იძალადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს და გლდანის მე-18 დაწესებულებაში კანონდარღვევით შეიყვანეს და კრიმინალი ჩაიდინა მინისტრით დაწყებული, იმ თითოეული თანამშრომლით დასრულებული, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ყველამ, ამ კადრებით დასტურდება“, – განუცხადა ბექა ბასილაიამ „ნეტგაზეთს“.

იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

„ამ კადრებს ვინც ვხედავთ, ყველას გვაქვს თვალები. [იუსტიციის მინისტრმა რატი] ბრეგაძემ რაც არ უნდა თქვას, ძალიან მკაფიოდ ჩანს ძალადობრივი ქმედებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბექა ბასილაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი