ახალი ამბები

კუბილიუსი: შესაძლოა, ქართველებს „ოცნების“ ხელისუფლებასა და ევროინტეგრაციას შორის მოუწიოთ არჩევანის გაკეთება

10 ნოემბერი, 2021 • 1875
კუბილიუსი:  შესაძლოა, ქართველებს „ოცნების“ ხელისუფლებასა და ევროინტეგრაციას შორის მოუწიოთ არჩევანის გაკეთება

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, შეიძლება, დადგეს დრო, როცა ქართველებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასა და რეალურ ევროინტეგრაციას შორის არჩევანი გაკეთება მოუწიოთ.

პროექტ „სასაზღვრო ზონის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის შეცდომები საქართველოს, როგორც ქვეყანას, ცუდ იმიჯს უქმნის:

„ბოლო დროს საქართველო ზიანს აყენებს საკუთარ საერთაშორისო პოზიციას და აღქმას დასავლეთში, როგორც ქვეყნის, რომელსაც სურს ევრკავშირში გაწევრიანება.

ვცდილობდი, მმართველი პარტიის წევრებისთვის ამეხსნა, რა შეცდომებს უშვებენ – უხეშად საუბრობენ ოპოზიციაზე, უარს ამბობენ დაპირებებზე, რომლებიც ევროკავშირს მისცეს, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში, უარს ამბობენ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არ ასრულებენ პირობებს, რომლებიც მის მისაღებადაა საჭირო.

ეს ყველაფერი ცუდ იმიჯს უქმნის საქართველოს, არა მარტო მთავრობას, ეს აზიანებს ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის სურვილს. ამის შესახებ ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ

არ გამიკვირდება, რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ან რეალური ევროინტეგრაცია. ამ ორის შეჯერება შეიძლება, ძალიან რთული გახდეს“.

კუბილიუსმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა:

„რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის მოპყრობა სააკაშვილისადმი ძალიან ცუდი და საწყენია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია სააკაშვილმა იმისთვის, რომ საქართველო იმ დროს და ბოლო დრომდე ყოფილიყო ლიდერი აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის სურვილში.

მივმართავ პირდაპირ სააკაშვილს: მისმა შიმშილობამ შედეგი მოიტანა – ბევრმა მიაქცია ყურადღება იმას, თუ რა ხდება დღეს საქართველოში და ჩემი სურვილი და თხოვნა, როგორც სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, ძალიან მარტივია: შეწყვიტოს შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ“.

მან ასევე ურჩია ოპოზიციას, „ღრმად ჩახედოს“ სტრატეგიასა და გრძელვადიან ქმედებებს და გამოთქვა აზრი, რომ ამომრჩეველთა სიმპათიის ქუჩაში მოპოვების მცდელობები წარმატებული არ გამოდგა:

„ასევე მივმართავ ჩვენს მეგობრებს ოპოზიციაში, ენმ-ს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს: უფრო ღრმად ჩახედონ სტრატეგიას, პროგრამას და გრძელვადიან ქმედებებს. ვფიქრობ, ეს საჭიროა. მათ უნდა გაიგონ, კიდევ ერთხელ როგორ მოიგონ ქართველი ხალხის გული და გონება. ბოლო ორ წელიწადში გულის და გონების ქუჩაში მოგების მცდელობები არ იყო წარმატებული“.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი