ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის მიღება თავად ევროკავშირის სასიცოცხლო ინტერესებშია.
ამის შესახებ კუბილიუსმა ბრიუსელში, ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევების ასოციაციის (TEPSA) წიგნის „ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინის არმია საუკეთესო და ყველაზე ძლიერია ევროპაში. ფინეთის პრეზიდენტმა ალექს სტუბმა დაამატა, რომ შეიძლება, საუკეთესოა მსოფლიოში. არ ვიცი, ამერიკელები მას დაეთანხმებიან თუ არა, მაგრამ ევროპის ნაწილში ვეთანხმები“, — განაცხადა კუბილიუსმა და დასძინა, რომ ბრძოლაში გამოწრთობილი სამხედრო ძალები და ინდუსტრია, რომელსაც შეუძლია რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, ევროპაში სწორედ უკრაინას გააჩნია.
„თუ ევროპის კონტინენტზე გვერდში გვყავს ევროპაში საუკეთესო არმია, ჩვენი დაზვერვა კი ამბობს, რომ რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს ნატოს მე-5 მუხლის გამოცდა ახალი აგრესიით ევროკავშირის ან ნატოს წევრების წინააღმდეგ, უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. ჩვენ შევეჩეხებით ბრძოლაში გამოწრთობილ რუსეთის არმიას. შესაძლოა, ის არც ისე წარმატებულია უკრაინაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს იყო. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ — და შარშან იყენებდნენ კიდეც – 5 მილიონამდე დრონი, რომელიც შეიძლება ჩვენი მიმართულებით წამოვიდეს. მე ვსვამ მარტივ კითხვას: გვაქვს ჩვენ ასეთი გამოცდილება, რომ თავი დავიცვათ ბრძოლაში გამოწრთობილი რუსული არმიის პოტენციური აგრესიისგან? ჩემი პასუხი საკმაოდ სკეპტიკურია“, — განაცხადა კუბილიუსმა და დასძინა, რომ ევროპის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა, არ ეძებნა გზები როგორც უკრაინის არმიის, ისე ინდუსტრიის ინტეგრაციისთვის.
უკრაინის ინტეგრაცია ომის პირობებშიც კი, კუბილიუსის ხედვით, ევროპის თავდაცვის კავშირში ინტეგრაციით უნდა დაიწყოს. ევროპის თავდაცვის კავშირი არის ევროკავშირის პოლიტიკური და სტრატეგიული კონცეფცია, რომლის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რესურსების გაერთიანება და ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება. კუბილიუსი ინიციატივას აქტიურად ლობირებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანი არაა ნატოს ჩანაცვლება.
ევროპის თავდაცვის კავშირმა, ევროკომისრის ხედვით, არა მხოლოდ ბლოკის ქვეყნები, არამედ გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია და უკრაინა უნდა მოიცვას.
„ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს გარდამავალი პერიოდის პროტოკოლები, რათა წევრი ქვეყნები არ ჩავაყენოთ ისეთ სიტუაციაში, რომ ეგონოთ, ახლა უკრაინაში საომრად წასვლა მოუწევთ. მაგრამ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებისა და ინდუსტრიის ინტეგრაცია აუცილებელია. უკრაინულმა ინდუსტრიამ ომის დაწყებიდან 50-ჯერ გაზარდა წარმოება — შარშან 50 მილიარდ ევრომდე. ეს იგივე რაოდენობაა, რისი წარმოებაც მთელ გერმანულ ინდუსტრიას შეუძლია. ისინი აწარმოებენ ინოვაციურ იარაღის სისტემებს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ უკრაინისგან. ეს რაღაც ახალია ჩვენთვის. აქამდე სულ ვამბობდით, რომ იქით ვეხმარებით. ვიმედოვნებ, თანამშრომლობაში წინსვლა მოიტანს ევროპელებს შორის საერთო გაგებას, რომ უკრაინის გაწევრიანება არა მისთვის გაკეთებული საჩუქარი, არამედ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია“, — განაცხადა კუბილიუსმა.
ასევე მან აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა და ტერმინოლოგია და უკრაინას დაეხმაროს არა მხოლოდ გადარჩენაში, სანამ დასჭირდება, არამედ გამარჯვებამდე.
