ახალი ამბები

იან კელი: როგორც ჩანს, მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს

10 ნოემბერი, 2021 • 2344
იან კელი: როგორც ჩანს, მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სიტუაციის ესკალაციას ცდილობს და „როგორც ჩანს, დასავლეთს ზურგს“ აქცევს.

პროექტ „სასაზღვრო ზონის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში დიპლომატმა დასძინა, რომ მთავრობა თავისი ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებას ცდილობს, რაც, მისი აზრით, მმართველი პარტიის შესაფერისი არაა.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა კელიმ მოიხსენია მისი „დამცირების კიდევ ერთ გზად“:

„როგორც მე ვხედავ, მთავრობა არ ცდილობს სიტუაციის დეესკალაციას. მათი მოქმედებებიდან და რიტორიკიდან ჩანს, რომ ისინი [სიტუაციის] ესკალაციას ცდილობენ…

მათ უბრალოდ ჩასვეს [სააკაშვილი] ვერტმფრენში [სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. რედ] და წაიყვანეს არა სახალხო დამცველის და კონსილიუმის მიერ რეკომენდირებულ დაწესებულებაში, არამედ ციხის საავადმყოფოში. ეს [ქმედება] სავსე იყო ნეგატიური სიმბოლიზმით სააკაშვილზე, გამომდინარე 2012 წლის ცნობილი ვიდეოებიდან.

როგორც ჩანს, ეს მისი დამცირების კიდევ ერთი გზა იყო, იუსტიციის სამინისტროს მიერ ვიდეობის გამოქვეყნება კი ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. სააკაშვილი თითქოს საკვებს იღებდა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ეს მედიკოსების მიერ გამოწერილი მინერალები იყო.

ეს მთავრობის საბოლოო მიზანზე ეჭვებს აჩენს. მე რასაც ვუყურებ, ბევრი მათი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებაზეა მიმართული, რათა მათ გააკეთონ რამე ისეთი, რის წინააღმდეგაც ძალის გამოყენება იქნება შესაძლებელი. რბილად რომ ვთქვათ, ეს მმართველი პარტიის შესაფერისი ქმედება არაა“.

კელის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებითა და მთავრობის ზოგადი ტრაექტორიით შეშფოთებულია.  მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვაშინგტონმა საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენაზე პირობები დააწესოს:

„ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან შეშფოთებულია ამ სიტუაციის გამო და ამ მთავრობის ზოგად ტრაექტორიაზე. ბოლო წლებში გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ მთავრობის სურვილს დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე.

ვფიქრობ, ვაშინგტონში რეალურად გადააფასებენ მხარდაჭერას [საქართველოსადმი]. შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მთავრობის დახმარებაზე პირობების დაყენების საკითხი.

ამ მთავრობამ უნდა შემოატრიალოს ყველაფერი. როგორც ჩანს, ისინი დასავლეთს ზურგს აქცევენ“.

კელიმ მთავრობას სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდა და დაასახელა კითხვები, რომლებსაც, მისი აზრით, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს:

„მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმის და ომბუდსმენის რჩევა და გადაიყვანოს სააკაშვილი კერძო საავადმყოფოში, სადაც ის აუცილებელ მკურნალობას მიიღებს. ეს პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.

რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს… როგორც ვთქვი, ადგილი ექნება საქართველოსდამი პოლიტიკის გადაფასებას, თუ არ მოხდება ევროკავშირის [შუამდგომლობით მიღწეულ] შეთანხმებაში დაბრუნება, არ გახდება ცნობილი, თუ რა იგეგმება ანაკლიის პორტთან მიმართებაში და კონკრეტულად რა უნდათ ევროკავშირისგან — რატომ მიდიან აზიის განვითარების ბანკთან და უარს ამბობენ ევროკავშირის დახმარებაზე? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი