გამოცემა Politico-ს ცნობით, ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების, თავდაცვის, მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების ევროკომისარი გახდება.
აღნიშნული პორტფელი 2024-2029 წლების ევროკომისიაში ახალია. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ მეორე ვადით გახდებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი, განახლებულ შემადგენლობაში თავდაცვის კომისარი ეყოლებოდა.
ამ პროგნოზს Politico აკეთებს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ოფიციალურ პირებთან ათობით საუბრის საფუძველზე, ასევე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციის შედეგად.
ანდრიუს კუბილიუსი ორჯერ იყო ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, 2019 წლიდან კი ევროპარლამენტის წევრია.
როგორც Politico წერს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება, განაცხადა, რომ გონივრული იქნებოდა, თავდაცვის კომისრის ახლად შექმნილი თანამდებობა დაეკავებინა ვინმეს ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპიდან.
ამასთან, Politico ვარაუდობს, რომ ევროკომისარი გაფართოებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ლატვიელი ვალდის დომბროვსკი იქნება. აღნიშნული პორტფელიც ახალია ევროკომისიაში. მანამდე ევროკომისიაში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხები ერთ პორტფელში ერთიანდებოდა და ამ მიმართულებით ევროკომისარი უნგრელი ოლივერ ვარჰეი იყო.
რაც შეეხება ოლივერ ვარჰეის, Politico-ს ვარაუდით, ის მულტილინგვიზმის, განათლებისა და სპორტის კომისრის პორტფელს ჩაიბარებს.
როგორც გამოცემა წერს, ვარჰეი ბრიუსელში საკამათო ფიგურაა. მან ევროპარლამენტარებს „იდიოტები“ უწოდა.
„ბრიუსელსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა ასევე დაბალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა თვითგამოცხადებული „სამშვიდობო მისიები“ განახორციელა კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში. თუ ვარჰეი არ გაივლის ევროპარლამენტში მოსმენას, უნგრეთს მოუწევს სხვა კანდიდატის გაგზავნა“, – წერს Politico.