ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს.
ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრია სიმონეტემ წარადგინა, რასაც ოფიციალურად დათანხმდა ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური დამადასტურებელი წერილი გაეგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსაც.
პროცედურის თანახმად, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას მხარი ლიეტუვის სეიმმაც (პარლამენტმა) უნდა დაუჭიროს. როგორც ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა, მან უკვე მიიღო არაფორმალური თანხმობა ქვეყნის მმართველი კოალიციისგან.
ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია. ლიეტუვის მთავრობისგან ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა მას შემდეგ დასახელდა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
გამოცემა POLITICO ლიეტუველ ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვილნიუსი ცდილობს მოიპოვოს ევროკავშირის გაფართოების პორტფელი.
ამჟამად სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა უნგრელ ოლივერ ვარჰეის უკავია, რომლის კანდიდატურაც ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში უნგრეთმა ისევ წარადგინა.