ახალი ამბები

ზალკალიანის თქმით, წინა არჩევნების შემდეგ ოპონენტების გამო ქვეყანა ხელოვნურ კრიზისშია

31 ოქტომბერი, 2021 • 885
ზალკალიანის თქმით, წინა არჩევნების შემდეგ ოპონენტების გამო ქვეყანა ხელოვნურ კრიზისშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო“, ქვეყანა ხელოვნურ კრიზისში შევიდა.

ზალკალიანი თავის განცხადებაში ასევე ულოცავს „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს, ვინც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. ის ასევე დასძენს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა, რაც მომდევნო წლებში გაგრძელება.

„სწორედ სტაბილურ განვითარებას მისცა ხმა მოსახლეობის უმეტესობამ და ამით ღირსეული არჩევანი გააკეთა. ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო ხელოვნურ კრიზისში შევიდა, რაც დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა. იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების რეგიონული გარემო, პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური პროცესი თუ სხვა.

მაშინ, როცა ამ გამოწვევებთან გამკლავება მოითხოვს, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში,“—  ამბობს ზალკალიანი, მის სიტყვებს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმება პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას „და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც საარჩევნო ციკლში არ ვიქნებით“.

„ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული მოსახლეობის და ქვეყნის სასარგებლო საქმეებზე – ქალაქების, რეგიონების განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და მთავრობის მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და იმედია ამას გააცნობიერებენ პოლიტიკური ოპონენტებიც,“ – დასძენს ის.


საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში; ქუთაისში; რუსთავსა და ბათუმში.

ამ მონაცემებით, ერთადერთი ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, წალენჯიხაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი