ახალი ამბები

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ — გახარიას პარტია თავდგირიძეს საკრებულოდან წასვლასაც ურჩევს

29 ოქტომბერი, 2021 • 2168
„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ — გახარიას პარტია თავდგირიძეს საკრებულოდან წასვლასაც ურჩევს

პარტიის „გახარია — საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში აკაკი გვიანიძე აცხადებს, რომ ირაკლი თავდგირიძე, რომელმაც პარტია დღეს დატოვა, მოისყიდეს.

„ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ. რაც დავპირდით ამომრჩეველს, აუცილებლად შევასრულებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმში“, — განაცხადა აკაკი გვიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აკაკი გვიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებს შეკვრას არც ოპოზიციასთან და არც მმართველ პარტიასთან.

„ორივე სწორედ იმ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი“, – აღნიშნა აკაკი გვიანიძემ.

გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი და ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბაციაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი თავდგირიძემ “ვერ გაუძლო სავარაუდო ზეწოლას” და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“კიდევ უფრო სამწუხაროა მისი განმარტება, რომ თითქოს პარტია ვინმესთან თანამდებობებს ინაწილებს. ჭადრაკის თამაში რომ იცოდეს, ვეტყოდი, რომ ნათამაშები სვლა არ ბრუნდება. ერთადერთი სწორი სვლა, ირაკლი, პარტიასთან ერთად საკრებულოს დატოვებაცაა, რადგან არ შეიძლება დაჰპირდე ამომრჩეველს ერთი და გააკეთო მეორე“, – მისწერა ნინო ბაციაშვილმა „ბათუმელებს“.

ის რიგაში საჭადრაკო ტურნირზე იმყოფება და სწორედ იქ გაიგო ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვების ამბავი.

გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დღეს დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს მომავალი წევრია. თავდგირიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ერთად – 16. გახარიას პარტიას საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა, ერთმა პარტია დატოვა.

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი