ახალი ამბები

ცხადია, საარჩევნოდ მოტივირებულია — ISFED თბილისელი პენსიონერებისთვის ვაუჩერის გამოყოფაზე

20 ოქტომბერი, 2021 • 1584
ცხადია, საარჩევნოდ მოტივირებულია — ISFED თბილისელი პენსიონერებისთვის ვაუჩერის გამოყოფაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ოქტომბერს თქვა, რომ დედაქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად ვაუჩერებს მიიღებენ.

კალაძემ აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. იმ ფონზე, როცა არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღე რჩება, გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ეს ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

მერიაში ამბობენ, რომ პროგრამა ბიუჯეტში შესაბამისი თანხების ასახვის შემდეგ, 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ბიუჯეტის ფორმირების ეტაპი ჯერაც არ დასრულებულა. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციაში “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში პრობლემას ვერ ხედავენ.

თუმცა ორგანიზაციის დირექტორი ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები პერიოდი, როცა კალაძემ ვაუჩერების შესახებ აუწყა მოსახლეობას.

“ის, რომ ადამიანებს, შესაძლებელია, ვაუჩერები [მიეწოდოთ] და ეს გათვალისწინებული იყოს თბილისის ბიუჯეტში, პრობლემას არ წარმოადგენს.

უბრალოდ, ამის ახლა დაანონსება მერისგან, რომელიც, ამავე დროს, კანდიდატია, ცხადია, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, შეიცავდეს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას.

მეორე ტურამდე 10 დღე რჩება, კამპანია არის იმისთვის , რომ მაქსიმალურად მოხდეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება. [შესაბამისად], ამის გაცხადება ახლა და არა მერე, ცხადია, საარჩევნოდ მოტივირებულია”, — დასძენს ის.

ნინო დოლიძის თქმით, ყველა პარტიას უნდა გააჩნდეს საარჩევნო პროგრამა ამომრჩევლის საჭიროებებზე მორგებული და რეალისტური დაპირებებით, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავება რესურსებსა და შესაძლებლობებზე გადის:

“ხელისუფლება ახლაც არის ამ [მმართველ] პოზიციაზე, მას აქვს წვდომა ბიუჯეტთან და ბიუჯეტის დეტალებთან, მას აქვს წვდომა იმასთან, რომ თავად დაგეგმოს ეს ბიუჯეტი, რომელიც იქნება მომავალში.

ფაქტობრივად, ხელთ აქვს ადმინისტრაციული რესურსი, [რომელიც] შეუძლია, განკარგოს ისე, როგორც მას სურს, რაც ოპოზიციას არ შეუძლია”.

ISFED-ის თავმჯდომარის აზრით, აღნიშნული პროგრამის დაანონსება არჩევნებამდე გაცილებით ადრე ან მომდევნო პერიოდშიც შეიძლებოდა.

“2022 წლის ბიუჯეტზეა საუბარი, ხომ? 10 დღე აქ ნამდვილად არაფერს წყვეტს. თუ ეს არ არის საარჩევნოდ მოტივირებული და ამომრჩევლის გულის მოგება არ სურს, მას უბრალოდ შეეძლო, ეს განცხადება გაეკეთებინა არჩევნების დასრულების შემდეგ”.

ნინო დოლიძეს ვკითხეთ, ასეთივე პოზიცია ექნებოდა თუ არა, კალაძეს ზემოხსენებული განცხადება წინასაარჩევნო პრეზენტაციაზე რომ გაეხმიანებინა და არა მერიის შენობაში, მთავრობის სხდომაზე.

“…რა თქმა უნდა, განსხვავდება. დღეს ეს გაკეთდა ადმინისტრაციულ შენობაში. ამიტომ ვამბობ, რომ ადმინისტრაციული უპირატესობა ცალსახაა და ჩანს, რომ ფაქტობრივად, იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, დაპირებას აკეთებს როგორც მოქმედი მერი. ამ დროს ის არის კანდიდატი.

წაშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და პარტიას შორის. ძალიან რთულია, ამომრჩეველმა გამიჯნოს, ამას აკეთებს მერი კახი კალაძე თუ ამას აკეთებს კანდიდატი კახი კალაძე, რომელიც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ამიტომ, ამ ხაზის გავლება ძალიან გაუჭირდება ამომრჩეველს. ჩვენც კი გვიჭირს, რომლებიც ჩართულნი ვართ საარჩევნო პროცესში”.

ISFED-ის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამომრჩეველმა ხსენებული პროგრამა კალაძის, როგორც კანდიდატის, დაპირებად აღიქვას და ამის გამო მისცეს მას ხმა, იმის მიუხედავად, რომ ამ თუ სხვა პროგრამას საბოლოოდ ის განახორციელებს, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ეს არ იქნება ერთი პარტიის მიერ განხორციელებული ქმედება. ეს იქნება განხორციელებული ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის და ეს პრობლემა დგება, რომ ხდება ამ ბიუჯეტის დაგეგმვა, გათვალისწინება და მასზე განცხადების გაკეთება ახლა, როცა ეს ადამიანი არის ერთ-ერთი პარტიის, “ქართული ოცნების” კანდიდატი. ეს პრობლემაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი