ახალი ამბები

თბილისელი სოც. დაუცველი პენსიონერები წამლების 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ — კალაძე

20 ოქტომბერი, 2021 • 2579
თბილისელი სოც. დაუცველი პენსიონერები წამლების 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ — კალაძე

თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ახალ პროგრამას რაც შეეხება, ეს არის სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის.

500-ლარიანი ვაუჩერები იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, [შეიძინონ] ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი, გულ-სისხლძარღვთა [დაავადებების], გამაყუჩებელი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო და ა.შ…

წამლები, რაც არის აუცილებელი, ამ ვაუჩერით ისინი შეძლებენ შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, — დასძინა მან.

კალაძის სიტყვებით, ბიუჯეტს აღნიშნული პროგრამის განხორციელება 20 მილიონი ლარი დაუჯდება.

“40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს ამ პროგრამით”, — აღნიშნავს თბილისის მერი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანახმად, რაოდენობა საპენსიო ასაკის ადამიანებისა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და საარსებო შემწეობას იღებენ, 20 000-ს აღწევს.

თუმცა, თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ ვაუჩერების პროგრამა გავრცელდება არამხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებ პენსიონერებზე, არამედ დედაქალაქში მცხოვრებ ყველა იმ პენსიონერზე, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროგრამა ბიუჯეტში შესაბამისი თანხების ასახვის შემდეგ, 2022 წლიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი