ახალი ამბები

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, 2000 ლარს “სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხავ – კუჭავა

19 ოქტომბერი, 2021 • 1183
მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, 2000 ლარს “სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხავ – კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მზად არის, 2000-ლარიანი ჯარიმის თანხა “სოლიდარობის ფონდს” გადაურიცხოს.

“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, გადავიხადო და ეს თანხა “სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხო”, – წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე “ოცნების” ლოგოიანი პირბადით მისვლის გამო სასამართლომ კახა კუჭავა არ დააჯარიმა. 2 000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა:

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამარათლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად ,,მოულოდნელად“, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა მისცა”, – ამბობს საიას წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.

კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კუჭავამ თქვა, რომ ეს “მექანიკური შცდომა იყო” და, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი