საზოგადოება

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

24 დეკემბერი, 2021 • 1863
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

როგორც თავად კუჭავამ განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მმართველ გუნდში დაახლოებით 1 თვის წინ მიიღეს. მისივე თქმით, ის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის უკვე. ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ [კობახიძემ] ახსენა და დეტალებზე არ ვისაუბრებ. მომავალ წელს გაიგებთ თქვენ უფრო მეტ დეტალს. ამ პროექტთან, ასე ვთქვათ, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელიც არ შეგვიძლია დღეს ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, ჩემს გუნდს, ლიდერშიპს, პირადად ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხდა. ბევრი საინტერესო პროექტი დავიწყეთ, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 27 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც აღნიშნული პოსტიდან არჩილ თალაკვაძე გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი