ახალი ამბები

როგორც ჩანს, კუჭავა არასაკმარისად უტიფარი და ველური აღმოჩნდა – უგულავა

24 დეკემბერი, 2021 • 2680
როგორც ჩანს,  კუჭავა არასაკმარისად უტიფარი და ველური აღმოჩნდა – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ კახა კუჭავა საკმარისად „უტიფარი და ველური“ არ იყო და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ამიტომ მოუწია. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკადრო ცვლილებები „ღლაპების“ მიერ ძალაუფლების გადანაწილებას ჰგავს.

როგორც უგულავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კახა კუჭავას „დედამიწის ზურგზე არავინ აღიქვამს, როგორც პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ ფეხზე დგას“, ის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის გაცილებით „ცივილიზებულად“ გამოიყურებოდა.

„ეს ამბავი ანახებს ერთ რამეს – რა არის ქართული ოცნების პრიორიტეტი, ქვეყანა იქცევა, ომიკრონის ახალ ტალღას ველოდებით, ყველა პროგნოზით იანვარი და თებერვალი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმძიმესი იქნება. ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს და არ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებით იქ რაღაც პაიკების გადაადგილება მიდის.

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, მისი დასმული ყველა ადამიანი ბაძავს მას – არაფორმალურად მართავდა ფარცხალაძე პროკურატურას, უჩა მამაცაშვილი – ბიზნესს, არაფორმალურად მართავს კობახიძე პარლამენტს. როგორც ჩანს, კუჭავა არასაკმარისად უტიფარი აღმოჩნდა, არასაკმარისად მკაცრი.

რასაც ვვარაუდობ, ერთადერთი რაც შეიცვლება, კობახიძე ოპოზიციის დეპუტატებს ნაკლებად მისცემს ნებართვას, მიხიელ სააკაშვილთან შევიდნენ, ეს თავმჯდომარეს ეხება[…]

[კახა კუჭავა] ცდილობდა ადამიანური სახის შენარჩუნებას, დიპლომატებთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც ჰქონოდა. ანუ არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი და ახლა დანიშნა თავისავით უკეთესად ადმინისტრირებადი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

როგორც თავად კუჭავამ განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მმართველ გუნდში დაახლოებით 1 თვის წინ მიიღეს. მისივე თქმით, ის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი