ახალი ამბები

სასამართლომ კუჭავა არ დააჯარიმა, მას სიტყვიერი შენიშვნა მისცეს – საია

19 ოქტომბერი, 2021 • 1382
სასამართლომ კუჭავა არ დააჯარიმა, მას სიტყვიერი შენიშვნა მისცეს – საია

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე “ოცნების” ლოგოიანი პირბადით მისვლის გამო სასამართლომ კახა კუჭავა არ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

ქურდოვანიძის თქმით, 2 000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა:

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამარათლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად ,,მოულოდნელად“, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა მისცა”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კუჭავამ თქვა, რომ ეს “მექანიკური შცდომა იყო” და, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

12 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ლოგოიანი პირბადით გამოცხადების თაობაზე.

კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გაეგზავნა სასამართლოს. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება მხოლოდ ცესკოს შეუძლია. ცესკოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაციას, გაასაჩივრებენ თუ არა ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვიანებით მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი