ახალი ამბებიეკონომიკა

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

13 ოქტომბერი, 2021 • 3647
არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

ოქტომბრიდან საქართველოში ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი 10 ათასს ჩამოსცდა, როცა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მაგალითად, აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში, აცრების რაოდენობა თითქმის ყოველდღე სცდებოდა 20 ათასს, ზოგჯერ კი, 30 ათასსაც კი.

არაერთი ექსპერტის და თავად პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროგნოზითაც, საქართველოს წლის ბოლომდე გაუჭირდება მოსახლეობის სრულწლოვანი ნაწილის 60%-ის აცრის გეგმის შესრულება. მეტიც, სხვადასხვა შეფასებით, დელტა შტამის პირობებში 60%-იანი ნიშნულიც კი არაა საკმარისი. ამ დროისთვის ქვეყანაში ორი დოზით აცრილია 789,241 ათასი ადამიანი, ანუ, სამიზნე მოსახლეობის 26%.

NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სექტემბერში განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის სავალდებულო მექანიზმების რეკომენდაციები წარადგინა. ამ მექანიზმებზე გასულ თვეში საუბრობდა რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი, შოთა ბურჯანაძეც, თუმცა მთავრობას ამ დრომდე არ დაუმტკიცებია არც ვაქცინაციის წამახალისებელი და არც სავალდებულო მექანიზმები.

ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად და ეკონომიკის გაძლიერებისთვის აუცილებელია, მინიმუმ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ე.წ. მწვანე ზონების შექმნა, სადაც მხოლოდ ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი ან ტესტირებული ადამიანები შეძლებდნენ შესვლას. მათი განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და მთავრობამ სხვადასხვა მიზეზით არ გააჭიანუროს “მწვანე ზონების” შექმნის საკითხი.

რა არის “მწვანე ზონები”

საქართველოში “მწვანე ზონების” დანერგვის ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ამისთვის მთავრობამ სპეციალური საიტიც კი შექმნა, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ გასულ თვეში, 14 სექტემბერს წარადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეების კოვიდსტატუსზე (აცრა, ტესტირება, კოვიდის გადატანა) ინფორმაციის მიღება. სამინისტრომ გასულ თვეში ბიზნესოპერატორებს სწორედ ამ აპლიკაციით სარგებლობის რეკომენდაცია მისცა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ-სტატუსს შეამოწმებენ.

“პლატფორმით, ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნესსექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. Covid-საშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს”, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მწვანე პასპორტებს” ანუ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ. მაგალითად, Euronews-ის თანახმად, ევროპაში “მწვანე პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტვუაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

გარკვეულ შემთხვევებში ჩამოთვლილ ქვეყნებს “მწვანე პასპორტების” გამოყენების განსხვავებული მეთოდები აქვთ, ზოგ ქვეყანაში ეს სავალდებულოა, ზოგან კი, მაგალითად, ნიდერლანდებში, არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი “მწვანე ზონების” შექმნა

საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ “მწვანე პასპორტების” გამოყენება და “მწვანე ზონების” შექმნა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელსაც გაზრდის და ბიზნესს “ამოსუნთქვის საშუალებასაც” მისცემს.

მათ შორისაა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძეც, რომლის განცხადებითაც, ამ ეტაპისთვის ბიზნესი მზად არ არის, რომ ყოველგვარი შეღავათების გარეშე დაუშვას კლიენტების მხოლოდ კოვიდაპასპორტებით მიღება, რადგან საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბიზნესობიექტებს მომხმარებელი მოაკლდება.

ამიტომ, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბიზნესებმა, რომლებიც “მწვანე ზონების” ინიციატივას შეუერთდებიან, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ მუშაობის გაგრძელება, მათ შორის არ შეეზღუდოთ სამუშაო საათები და მიეცეთ სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა.

“განიხილება, რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი, თუმცა ბიზნესმა გარკვეული ბენეფიტები უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება ხელსაყრელი.

თუ კომპანიები სარგებელს მიიღებენ, “მწვანე ზონად” გარდაქმნა მხოლოდ მათ სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული, რადგან გადავალთ იმ რეალობაში, სადაც რესტორანი ამის გარეშე უბრალოდ ვეღარ იარსებებს. თუ ბენეფიტებით არ განვასხვავეთ რესტორნები, რომლებიც კოვიდუსაფრთხო ზონებს შექმნიან და ბიზნესები, რომლებიც ამას არ იზამენ, პრობლემა შევექმნება. როდესაც ერთი მიიღებს სარგებელს და მეორე ვერა, ამ შემთხვევაში უკვე ბიზნესოპერატორები შეცვლიან აზროვნებას”, – განმარტავს ბურჯანაძე “ნეტგაზეთთან”.

შოთა ბურჯანაძე ამის შესახებ საუბრობდა გასულ თვეშიც. “ნეტგაზეთისთვის” 20 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე დღეში უნდა განეხილა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა და ამისთვის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ელოდნენ, რომელიც იმ დროს სპეციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდა და მას შემდეგ საკოორდინაციო საბჭოც გაიმართა, ამ ინტერვიუდან 23 დღის შემდეგაც საბჭოს ჯერაც არ მიუღია ეს გადაწყვეტილება.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს და ვარაუდობს, რომ მეორე ტურების დასრულებამდე მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ბურჯანაძის მსგავსად, ამ ეტაპზე “მწვანე ზონების” შემოღების გაჭიანურებას არჩევნებს უკავშირებს ჯანდაცვის ექსპერტი, კაკი ზოიძეც. მისი თქმით, თავდაპირველად, როდესაც ქვეყანაში მცირე რაოდენობის ვაქცინები იყო ხელმისაწვდომი, ასეთი რეგულაციის შემოღება დისკრიმინაციული იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, “მწვანე ზონების” შექმნა აუცილებელია.

“ცოტა უფრო ადრე საქართველოში “მწვანე ზონების” შემოღება პრობლემატური იქნებოდა, რადგან ვაქცინები მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და ასეთი მანდატის შემოტანა დისკრიმინაცია იქნებოდა.

შემდეგ, როცა მასობრივი ვაქცინაცია დავიწყეთ, ჩემი აზრით, ამის არშემოღება განაპირობა ვაქცინაციის დაბალმა მოცვამ, რადგან ცოტა ადამიანს შეეძლებოდა ამ მექანიზმით სარგებლობა. ახლა, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად დავარდა და ამოვწურეთ იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც თავიდანვე მზად იყო აცრისათვის, უკვე ასეთი ზომების შემოტანა აუცილებელია.

მაგრამ მე იმედი არ მაქვს, რომ 30 ოქტომბრამდე ამას გააკეთებენ, რადგან წინასაარჩევნოდ ვინმეს განაწყენებას მოერიდებიან. აქამდეც უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ 30 ოქტომბრის შემდეგ სრული უგუნურება იქნება, თუ ამას არ გავაკეთებთ”, – განმარტა ზოიძემ “ნეტგაზეთთან”.

ზოიძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური მოტივაციები საქართველოში ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ პოზიციებზე მაღლა დგას. მისი თქმით, ასე მოხდა შარშანაც, რასაც 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავება მოჰყვა.

“სამწუხაროდ, იქიდან მწარე გაკვეთილი ვერ გამოვიტანეთ და წელსაც ბევრი რაღაც გაკეთდა ისეთი, რაც პოლიტიკურად იყო მიზანშეწონილი, მაგრამ არა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით”, – ამბობს ზოიძე.

რაც შეეხება “მწვანე ზონების” შემოღებასთან დაკავშირებით ზოიძის შეფასებას, მისი თქმით, ასეთი ღონისძიებების გარეშე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დასტაბილურდება. ზოიძის განცხადებით, აუცრელ ადამიანებს უნდა შეექმნათ გარკვეული სახის დისკომფორტი, აცრილებს კი, პირიქით – კომფორტი, იმისთვის, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რითაც ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაიკლებს და ეკონომიკაც გაძლიერდება.

ამასთან, ზოიძე ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში კოვიდვაქცინების გაკეთება სავალდებულო უნდა იყოს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან, მაგალითად, მედიცინის მუშაკებისთვის, მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის და ა.შ.

რაც შეეხება რეგიონებს, ზოიძის განმარტებით, შესაძლებელია სახელმწიფომ დამატებითი შეღავათები დაუწესოს სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართულ პირებს, ან ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები შემოიღოს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში გველოდება ძალიან მძიმე ზამთარი და გაზაფხული, როგორც სიკვდილიანობის, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისითაც”, – ამბობს ზოიძე.

რას გეგმავს სახელმწიფო

როგორც უკვე ითქვა, “მწვანე ზონების” შემოღება სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო და ჯერ კიდევ გასულ თვეში ამისთვის სპეციალური ვებსაიტის პრეზენტაციაც გაიმართა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

12 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე კვლავ მსჯელობს.

“მივესალმებით ბიზნესის ინიციატივებს და რაც მეტი იქნება ეს ინიციატივა, ძალიან კარგია ბიზნესის მხრიდან. რაც შეეხება სავალდებულობას, ამ ე.წ. მწვანე პასპორტის, ანუ, საჯარო თუ სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში.

მწვანე პასპორტის სხვადასხვა ვერსია აქვს სხვადასხვა ქვეყანას. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანას “მწვანე პასპორტი” აქვს, რომ საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ, თუ არ აჩვენებ ამ მწვანე პასპორტს, რომ თქვენ ორჯერ აცრილი ხართ ან ბოლო 72 საათში PCR გაქვთ უარყოფითი, ან ბოლო 6 თვეში გაქვთ გადატანილი დაავადება — 3G-ის პრინციპი. ზოგ ქვეყნებს აქვთ ეს, რომ ვთქვათ, სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ ასე, რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. ზოგიერთ ქვეყნებს აქვთ, ვთქვათ, შიდა მოგზაურობებზე. ჩვენთანაც განიხილება შესაბამისად ესენი. NCDC-ს შესაბამისი პაკეტი წარდგენილი აქვს საკოორდინაციო საბჭოზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში კი “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე იმაზე მეტის თქმა არ შეუძლიათ, რაც ამირან გამყრელიძემ თქვა.


პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით საქართველოს, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აქვს. NY Time-ის მიხედვით (7 ოქტომბრის მონაცემები) კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო  მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, ხოლო ვირუსის გავრცელების მაჩვენებელით – მეხუთე ადგილზეა.

გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი