ახალი ამბებისაზოგადოება

ვაქცინაცია შენელდა – სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა?

24 სექტემბერი, 2021 • 3814
ვაქცინაცია შენელდა – სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა?

ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში აცრის ტემპი შენელებულია. აგვისტოსგან განსხავავებით, როდესაც დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს რიცხვი თითქმის განახევრებულია, ყოველდღიურ აცრილთა შორის უმეტესობა კი მეორე დოზაზე მიდის.

ამ პროგნოზის შესახებ სახელმწიფომ წინასწარ იცოდა, არამხოლოდ ექსპერტებისა თუ ჯანდაცვის მუშაკებისგან, არამედ არაერთი სოციოლოგიური კვლევებითაც.

ასე მაგალითად, (NDI) კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 35% ამბობდა, რომ აუცილებლად აიცრებოდა, 47% კი არ აპირებდა აცრას. დღევანდელი მონაცემები ამ კვლევის თითქმის იდენტურია, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 33.9%-ია აცრილი, აქედან ორივე დოზით – 26.3%.

რა ვერ/არ გააკეთა სახელმწიფომ?

საქართველოში დღეს აცრილია 1 715 073 ადამიანი, აქედან მინიმუმ ერთი დოზით 963,663, ხოლო ორი დოზით – 751 410. სტატისტიკა ჩაშლილად ასე გამოიყურება:

კოვიდსტატისტიკა. ფოტო: datacov.moh.gov.ge

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ ვაქცინაციის კლების ტენდენცია, მართალია კომპლექსური საკითხია, თუმცა არა – მოულოდნელი. ჯერ კიდევ 2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 40%-მდე ამბობდა, რომ ვაქცინის არსებობის შემთხვევაში აიცრებოდა.

ტემპის კლებაში მთავრობის სრულ პასუხისმგებლობას ხედავს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში უშუალოდ აცრებს შორის გამოიკვეთა დისპროპორცია: მეორე დოზაზე უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდებოდა და შესაბამისად იცრებოდა, ვიდრე პირველზე.

რაც შეეხება დაშვებულ შეცდომებს, ჭიაბერაშვილი სამ ძირითად კომპონენტს გამოყოფს:

1. ვაქცინების დაგვიანებულ შემოტანას და გვიან დაწყებულ მასობრივ იმუნიზაციას;

2. ლოჯისტიკას;

3. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო კამპანიების მარცხს.

„ვაქცინაციაზე მთელი სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მობილიზებული. სოფლის რწმუნებულიდან დაწყებული დამთავრებული თავდაცვის სამინისტროთი, რაც მთავრობას არ გაუკეთებია. ამიტომ ძალიან სავალალო შედეგები იქნება ამ შემოდგომა-ზამთარში,“ – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც იმედი არ აქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვაქცინაციის კუთხით რაიმე გამოსწორდება.

ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში სიტუაციის დასტაბილურებისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 60% აიცრას. თუმცა, ეს ზღვარი „დელტა“ შტამის პირობებში, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო სახიფათოა, ვიდრე ე.წ. ვუჰანის შტამი – რამდენად საკმარისია?

„დელტას და სხვა შტამების პირობებში უკვე საუბარია იმაზე, რომ ზღვარი 60% არ არის და 80-85%ია. თუმცა, ამ ტემპით, როგორიც არის, ჩვენ 60%-ს ვერ მივაღწევთ, ცხადია. აგვისტოს ბოლოს დავთვალე კიდეც, დღეში გვჭირდებოდა დაახლოებით, 30 ათასი აცრა, რომ ჩვენ გავსულიყავით 60%-იან მაჩვენებელზე დეკემბრის ბოლოსთვის. ჩამოსულები ვართ 12-14 ათასზე. ამიტომ გამორიცხულია ეს მიზანი (60%) და ყველაზე საგანგაშოა ის გრაფიკი, რომელიც კულუმბეგოვმა ნახა,“ – განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისივე პროგნოზით, დღევანდელ მაჩვენებელს შესაძლოა, მაქსიმუმ 5-7% დაემატოს და წლის ბოლოს ყველაზე მეტი 40%-ს მიაღწიოს.

ჭიაბერაშვილი მიუთითებს იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ ცხრილზე. კულუმბეგოვი ეყრდნობა IHME-ს პროექციას, რომლის პროგნოზითაც წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29% იქნება ორჯერადად აცრილი.

რესურსის არაეფექტურად ხარჯვასა და სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლოვანებაზე საუბრობს ნეტგაზეთთან კაკი ზოიძეც. ის ამბობს, რომ კვლევებით თავიდანვე ჩანდა, რომ დაახლოებით 1,2 მილიონ ადამიანს აცრა უნდოდა, კიდევ 200 ათასი კი გარკვეული პერიოდის შემდეგ დათანხმდებოდა. დღეს საქართველომ ამ მიჯნას თითქმის მიაღწია.

„მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კიდევ 400 ათასი შეიძლება მოვიცვათ, ვინც მეტ-ნაკლებად თანახმა იყო და მოვხსნათ ფიზიკური, გეოგრაფიული თუ ბარიერები, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფო დონეზე. რაღაცები ბოლო პერიოდში გააქტიურდა, მაგრამ რეალურად, რამდენიმე თვით ადრე არ მოხდა სტრატეგიული კომუნიკაცია ისე, რომ საზოგადოების თითოეულ სეგმენტთან გავსულიყავით, მათთან გვესაუბრა მათთვის სარწმუნო, გასაგები ენით, სანდო ადამიანებისა და უწყებების მეშვეობით,“ – ამბობს კაკი ზოიძე.

მას მიაჩნია, რომ გარდა საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციისა, აუცილებელია, რომ მუდმივად და პროაქტიულად, დამაბნეველი ინფორმაცია გაბათილდეს, რომელიც ზოგჯერ სპეციალური ჯგუფების მიერ ოპერატიულად და მიზანმიმართულად ვრცელდება. ფეიკნიუსებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ და სამწუხარო პრობლემად კაკი ზოიძე ანტივაქსერ ექიმებსაც ასახელებს, რომლებიც პაციენტებს აცრისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა სახელმწიფომ ექსპერტთა გაფრთხილებები მანამდე, კაკი ზოიძე გვპასუხობს, რომ ამის თქმა და ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება რთულია. თუმცა, ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა ისიც იყოს, რომ სახელმწიფომ არ ჩათვალა ეს პრიორიტეტად.

აკაკი ზოიძე, ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, ვაქცინაციის გეგმაშიც საკმაოდ დეტალურად იყო აღწერილი, როგორი უნდა ყოფილიყო სტრატეგიული კომუნიკაცია. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამას უბრალოდ არ აკეთებდნენ, იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ვაქცინა არ იყო, „ზედმეტი მოთხოვნის“ გაჩენა არ უნდოდათ. მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად ვიცოდით, გეგმაშიც გვეწერა, რომ ივლისიდან და ზაფხულიდან იწყებოდა მასობრივი ვაქცინაცია, შესაბამისად, მინიმუმ 3 თვით ადრე ამისთვის საზოგადოება უნდა მოამზადო , უნდა მოამზადო მექანიზმები, რომ ქმედითად ებრძოლო დეზინფორმაციას,“ – განმარტავს ის.

მისივე თქმით, ასეთ დროს „საზოგადოებრივი აზრის პულსზე მუდმივად ხელი უნდა გეჭიროს“ და სახელმწიფო უნდა ადევნებდეს თვალყურს იმ ინფორმაციას, რაც თუნდაც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„დეზინფორმაციაზე მიმართული ორგანიზებული ჯგუფები რას აკეთებენ და ა.შ. ჩემი აზრით, ამაზე უნდა ემუშავა უსაფრთხოების სამსახურს, იმიტომ, რომ ამაზე უფრო დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანას აქვს – დღეს არ არსებობს.

თუ ჩავარდა ვაქცინაციის პროცესი, ეს არამხოლოდ განუზომელი დანაკარგია ადამიანის სიცოცხლეების, ასევე ეკონომიკას ექნება უზარმაზარი დარტყმა. ეკონომიკა მოლოდინებია, თუ ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა, ჩათვალეთ, რომ რეალურად, ველოდებით კიდევ ახალ ტალღებს, ველოდებით ახალ ჩაკეტვებს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩება,“ – ამბობს ის.

სხვა ექსპერტების მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა და ამაში უნდა ჩაიდოს სახელმწიფოს სრული რესურსი – „ხელისუფლების მთელი რესურსი, ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ოპოზიციისა თუ პოზიციის, ეკლესიის – ყველას აბსოლუტურად, ვისაც კი ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში“.

ის დასძენს, რომ მეხუთე ტალღის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია მილიონი ადამიანი გადავარწმუნოთ და მივაღწიოთ იმუნიზაციის მაღალ დონეს. ჩვენს კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო აცრა, ზოიძე გვპასუხობს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის, უპირველესად ექიმებისთვის – ეს ასე უნდა მოხდეს.

რას აპირებს სახელმწიფო ახლა?

დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა [NCDC-მ] კახეთში შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მან თქვა, რომ არც თავად არიან კმაყოფილები დღეს არსებული მონაცემებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც აგვისტოში ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა.

„ერთ-ერთი მიზეზი ალბათ გახლავთ ის, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობასთან. უფრო მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და იქნება ეს თითოეულ სოფელსა თუ დასახლებაში და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე,“ – განაცხადა გამყრელიძესთან.

გამყრელიძემ მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ ვაქცინაციის წახალისება გააქტიურდეს – „ყოველი რეკლამა ეძღვნებოდეს ამას, თითოეული გამოსვლა“, რადგან „დელტა“ შტამის პირობებში ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრა საკმარისი აღარ არის, დღეს კი საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 26% ჰყავს აცრილი.

ამირან გამყრელიძე. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

შეხვედრის შემდეგ გამყრელიძემ ნეტგაზეთთანაც ისაუბრა. მან გვითხრა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს გეგმებზე, თუმცა, სახელმწიფო აპირებს, რომ აცრის წამახალისებელი კამპანია გააქტიუროს, მათ შორის, იაროს სოფელ-სოფელ და მისცეს ამას უფრო ფართო სტრატეგიის სახე. განსაკუთრებით კი ეს ეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლს.

„ვერ ვიტყვი წინასწარ [იგეგმება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია] ეს ყველაფერი ჯერ უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭომ. ჩემი პირადი დამოკიდებულება იცით, რამდენჯერმე გავაჟღერე. მე ვემხრობი მთელ რიგ პირდაპირ და არაპირდაპირ მანდატორულ [სავალდებულო] მექანიზმებს. მაგრამ საბოლოოდ ამას წყვეტს საკოორდინაციო საბჭო,“ – ამბობს ის.

გამყრელიძე გვიხსნის, რომ ახლა ხდება ეროვნული გეგმის გადახედვა.

„მაგრამ ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში ის ცნობილი აპრობირებული მეთოდები… თქვენ იცით, რომ ბევრმა ქვეყანამ, როდესაც მიაღწია აცრილთა გარკვეულ ზღვარს დამატებითი ღონისძიებები შემოიღო. ჩვენც ამ ეტაპზე ვართ ახლა. მე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა მაშინ, როდესაც ავიდოდით ორჯერადად აცრილთა 35%-40%-ზე, მაგრამ სამწუხაროდ, 26%-ის ფონზე უკვე დაიწყო [ვაქცინაციის] შემცირების ტემპი.

არ მოგვწონს და გვინდა, რომ ბევრად მეტი იყო. სერიოზული ნაბიჯები იქნება დამატებით, როგორც კამპანიის გაძლიერების, ისე სხვადასხვა სახის წახალისებისა თუ მანდატორული მექანიზმების შემოტანით – მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენებით,“ – გვითხრა მან.

ამირან გამყრელიძეს მანამდე არაერთხელ გაუცხადებია, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყველაზე მკაცრი პოზიციები აქვს. ჩვენ დღეს მას ვკითხეთ, არსებულ სიტუაციაში იზიარებს თუ არა ახლა საბჭო მათ მკაცრს პოზიციებს. „ნამდვილად კი,“ – მოკლედ გვიპასუხა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს დღეს ვაქცინის საკმარისი მარაგი აქვს. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 200 ათასამდე დოზა „ფაიზერს“ ვადა ნოემბრამდე აქვს. ამაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უწყებას აქვს მოლოდინი, რომ ამ დოზებს ქვეყანა დროულად აითვისებს.

სქრინშოტი: Booking.moh.gov.ge-დან

მასალების გადაბეჭდვის წესი