ახალი ამბები

კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა – NY Times

7 ოქტომბერი, 2021 • 1302
კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა – NY Times

New York Times-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო  მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.

გამოცემის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 246-ია. მთლიანობაში კი ქვეყანაში პანდემიას 9,134 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, NY Times-ის მონაცემით, პერუში ფიქსირდება, სადაც ყოველ 100 ათას ადამიანზე გარდაცვლილია 614. ჯამში კი, კორონავირუსს პერუში 199 559 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით ბოსნია ჰერცოგოვინა იკავებს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების 327 შემთხვევით, ჩრდილოეთ მაკედონია კი მესამე ადგილზეა -100 ათას მოსახლეზე 324 დაღუპულით.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, NY Times-ის მიხედვით, 16,768-ია. ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 623,830 ადამიანი დაინფიცირდა.

ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე სეიშელის კუნძულებია, სადაც 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 22,152-ია, მეორე ადგილზეა მონტენეგრო ინფიცირების მაჩვენებლით – 21,501, მესამე ადგილს კი ანდორა იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 19,813-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი