ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებს იჯარის ერთი წლის გადასახადი ეპატიებათ

12 ოქტომბერი, 2021 • 2825
სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებს იჯარის ერთი წლის გადასახადი ეპატიებათ

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში დარიცხული იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე, გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდილს გამო დაკისრებული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

შეღავათები შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებსაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო.

საქართველოს მთავრობის ცნობით, საუბარია, ჯამში, 1 652 პირზე, რომელთაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, 5 071 875  ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია. ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება.

“საქართველს პარლამენტმა იმსჯელა და მიიღო შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში. ჩვენ კი ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონებით, ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე, გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი.

საშეღავათო პერიოდი აღებულია იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები მოქმედებდა. სამართლიანობისთვის, შეღავათს გავავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა გადასახადი”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საარჩევნო პერიოდში მსგავსი ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.

“კანონი პარლამენტმა მიიღო 2021 წლის 9 ივნისს და კანონით დაგვევალა ამ წესის შემუშავება. ჩვენ ვასრულებთ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის არჩევნებთან”, — დასძინა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი