ეკონომიკა

რას კარგავს საქართველო სავალუტო ფონდის „მწვანე შუქის“ ჩაქრობით?

28 სექტემბერი, 2023 • 8119
რას კარგავს საქართველო სავალუტო ფონდის „მწვანე შუქის“ ჩაქრობით?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა შეჩერებულია, მიზეზი – ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესები. IMF-ის პროგრამის არსებობა ერთგვარი გზამკვლევია საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის ამა თუ იმ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და საინვესტიციო გარემოზე წარმოდგენის შესაქმნელად. რას ნიშნავს პროგრამის შეჩერება საქართველოსთვის?

IMF-ის პროგრამა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმღებ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევასა და შენარჩუნებაში ეხმარება. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა აუცილებელია ქვეყნისთვის IMF-ის საფინანსო მხარდაჭერის მისაღებად. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი პოზიცია მნიშვნელოვანია სხვა დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფოებისა თუ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.

„პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე“, — ამბობდა 2017 წელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი IMF-ის პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველო 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ ახალ სამწლიან პროგრამაზე, რომელიც Stand-By Arrangement-ის ინსტრუმენტით ითვალისწინებს 289 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის შეღავათიანი სესხის გამოყოფას.

პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და განმტკიცებას ერთმანეთის მომყოლი შოკების, პანდემიისა და უკრაინაში ომის ფონზე. ასევე, საშუალოვადიანი ზრდის და ეკონომიკის მდგრადობის ზრდას. პროგრამით საქართველომ IMF-ის წინაშე აიღო მთელი რიგი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ვალდებულებები. პროგრამა ითვალისწინებს ზომებს, როგორიცაა ფისკალური ბუფერების აღდგენა, ვალების შემცირება და მოწყვლადთა დაცვა, საგადასახადო ადმინისტრირების გაძლიერება, საჯარო ფინანსების მართვისა რეფორმა და სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის, საპარტნიორო ფონდის რეფორმა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოს გაძლიერება და სხვა.

IMF-ის პროგრამის პირველი მიმოხილვა 2022 წლის დეკემბერში წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 40 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ეს თანხა არ აუთვისებია.

ხელისუფლება პროგრამას პრევენციულ დატვირთვას ანიჭებდა და ამ ეტაპზე არც მეორე მიმოხილვის ფარგლებში გათვალისწინებული 40 მილიონი დოლარის სესხად აღებას აპირებდა.

Stand-by-ის საკრედიტო მექანიზმით, მიუხედავად იმისა, საქართველო აიღებს ყოველ მომდევნო ტრანშს თუ არა, უნდა შეასრულოს IMF-ის წინაშე აღებული კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც გაწერილია ეფექტიანობის კრიტერიუმებისა და სტრუქტურული ორიენტირების სახით, თუ პროგრამის შენარჩუნება სურს.

თუმცა სავალუტო ფონდიდან არცთუ დიდი ოდენობის შეღავათიან სესხის მოზიდვის შესაძლებლობა პროგრამის მხოლოდ თანმხლები ტექნიკური ელემენტია. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორ გიორგი ხიშტოვანის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროგრამა და მისი პოზიტიური შეფასება „სამყაროს აძლევს სიგნალს, რომ საქართველოში ეკონომიკურად ყველაფერი რიგზეა“.

„ეს პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობის ფაქტობრივი შეფასება. გააჩნია შეფასების კონკრეტულ ფორმულირებას, თუმცა პროგრამის გაგრძელება თავისთავად არის სიგნალი ჩვენი პარტნიორებისთვის, საერთაშორისო და კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რომ ქვეყანაში არის სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, როდესაც საუბარია სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მხრიდან ახალი დაკრედიტების მოძიებაზე, ამ პროგრამის დასკვნა, რაღაც მხრივ, გარანტიაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სერიოზული მაკროეკონომიკური რისკები.

ეს თავისთავად აისახება ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზაობაზე და ირიბად, ასევე აისახება იმ საპროცენტო განაკვეთებზე, რა განაკვეთებითაც შემდეგ ჩვენი ბანკები, კერძო სექტორის წარმომადგენლები თუ სახელმწიფო მოიზიდავს სახსრებს. შესაბამისად, პროგრამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ბიზნესსექტორისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ მოიზიდოს უცხოური კაპიტალი“, — განმარტავს ხიშტოვანი.

ხიშტოვანის თქმით, ეს ყოველივე, საბოლოო ჯამში, აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და, შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე:

„თუ სიგნალი უარყოფითია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს თუ სახელმწიფოს უჩნდებათ კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს ცალკე საქართველოს სახელმწიფოს, ცალკე კერძო სექტორს, ცალკე კომერციულ ბანკებს. საბოლოო ჯამში, ეს აძვირებს საქართველოში ბიზნესის კეთებას და ირიბად, შემდეგ შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან მათაც უწევთ ბანკებიდან სესხი აღება, ბიზნესის დასაწყებად ფინანსების მოზიდვა და ა.შ.“.

პროგრამის შეჩერება

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მისიის დონეზე უკვე დასრულებული იყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. შედეგად, IMF-ის დირექტორთა საბჭოს მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცება გადაიდო. IMF-ის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოში უმრავლესობაში უნდა იყვნენ არააღმასრულებელი წევრები, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღებით ეს თანაფარდობა დაირღვა.

მთავრობის მიერ ინიციირებულ ცვლილებებზე შენიშვნები ჰქონდა თავად ეროვნულ ბანკსაც და ამბობდა, რომ ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კრიტიკას ეროვნული ბანკის კანონზე „იდეურად იზიარებდა“. ის ამბობდა, რომ პროგრამა საქართველოსთვის არ შეჩერებულა და დროებით შეფერხდა მეორე მიმოხილვის განხილვა. თურნავამ დააანონსა, რომ შემოდგომაზე სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია ეწვეოდა საქართველოს და გამოსავალი მოიძებნებოდა.

საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლების მოლოდინში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო გაღრმავდა — ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციათა შესრულების წესი შეცვალა და ის თანხვედრაში მოიყვანა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ლოგიკასთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისგან უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიიღო. ნათია თურნავას ბრძანება არ გაიზიარა და თანამდებობები დატოვა პრეზიდენტის სამივე მოადგილემ, მრჩეველმა და ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელმა.

შეჩერებული სავალუტო პროგრამა იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 26 სექტემბერს ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას შეხვედრაზე.

დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ და აღდგენაზე საუბარი უნდა შედგეს 17 -18 ოქტომბერს, თუმცა, „ასეთ ვითარებაში პროგრამას აღარავინ აღადგენს“.

რას გამოიწვევს პროგრამის შეჩერება/შეწყვეტა?

გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის შემდგომ ნაბიჯებზე.

„ვფიქრობ, ბოლო მოვლენებმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა საქართველოს რეპუტაციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ველოდები, რომ რეაქცია იქნება საკმაოდ ხისტი, მკაცრი და არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო შედეგი იყოს პროგრამის გაჩერება.

თუ [სანქციების საგამონაკლისო წესზე] გადაწყვეტილება იქნება გაუქმებული, ვფიქრობ, ეს პოზიტიურ სიგნალს მისცემს სავალუტო ფონდს. ჩემი ვარაუდია, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხზე, რადგანაც ჯერჯერობით არ გვსმენია მკაფიო განცხადება სავალუტო ფონდისგან“, – მიიჩნევს ხიშტოვანი.

„კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის მომავალი აქამდე გაურკვეველი იყო, ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.

„მიღებული რეპუტაციული ზიანი აუცილებლად აისახება საქართველოს საკრედიტო რეიტინგებზე, რომელსაც პოტენციური ინვესტორები უყურებენ. არ ვფიქრობ, რომ პროგრამის შეჩერება ერთ დღეში გამოიღებს ეფექტს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას, რა თქმა უნდა, დააზიანებს“, — ამბობს ბერიკაშვილი.

ევროკავშირის ელჩმა თურნავასთან შეხვედრის შემდეგ სფფ-ის პროგრამისა და ევროკავშირის დახმარების ურთიერთკავშირზე მიანიშნა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ელის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგრამას წლის ბოლომდე განაახლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადასტურებს, რომ ქვეყანას კრედიტების მოზიდვის პრობლემა დაუდგება.

„თუ, საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არათუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან მოგვიწევს ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მტკიცება. სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“, — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 27 სექტემბერს, დეპუტატებთან შეხვედრისას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ „არავითარი სანერვიულო არ არის“. მისი თქმით, მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სავალუტო ფონდთან.

„ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს.

ეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შეჩერების პირველი შემთხვევა არაა. პროგრამა 2015 წელსაც იყო დროებით შეჩერებული, რაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანის პროექტს უკავშირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი