ახალი ამბები

IMF-ის პროგრამის აღდგენაზე სამუშაოები ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება — თურნავა

13 ოქტომბერი, 2023 • 1303
IMF-ის პროგრამის აღდგენაზე სამუშაოები ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება — თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში შეხვდა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები და ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.

„შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა შეჩერებულია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურა კანონმდებლობით შეცვალა. IMF-ის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობაში უნდა იყვნენ არააღმასრულებელი წევრები, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღებით ეს თანაფარდობა დაირღვა.

ამ თემაზე:

რას კარგავს საქართველო სავალუტო ფონდის „მწვანე შუქის“ ჩაქრობით?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი