ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა

8 ოქტომბერი, 2021 • 4997
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

საოლქო საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს, საღამოს 11 საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა „ქართული ოცნების“ საჩივარი ზუგდიდის #11-ე მაჟორიტარული ოლქის 4 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

პირველადი შედეგებით, ენმ-ის კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს 2 ხმით უგებდა, თუმცა ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლის/გადამოწმების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მოემატა რამდენიმე ხმა, რითაც ამ ოლქში უპირატესობა მოიპოვა.

ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, პირველადი შედეგებით, პირველ ტურში გამარჯვება საკრებულოს პროპორციულ, საკრებულოს მაჟორიტარულ და მერის არჩევნების ნაწილშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

„ოცნებისა“ და ენმ-ს მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ხმა იყო: ენმ-ის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ერგო, „ოცნების“ სოსო გოგოხიას კი – 1180.

ზუგდიდში, პირველადი შედეგებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს უმრავლესობა უკვე გარანტირებულად ჰქონდა მოპოვებული პროპორციული და მაჟორიტარული ადგილებით.

ზუგდიდის საკრებულოს 45 დეპუტატიდან ენმ-ს 23 წევრი ეყოლებოდა, „ქართულ ოცნებას“ – 18, გახარიას კი – 3.

მეორე ტურში მხოლოდ ერთი მანდატის ბედი წყდება „ოცნებასა“ და ენმ-ს შორის, თუმცა ეს მანდატი უმრავლესობის ბედს ვერ წყვეტდა.

7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, გოგოხიამ 1192 ხმით 1182 სძლია ფიფიას და, შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა.

უმრავლესობის ბედს ამჟამად მეორე ტური [ჭითაწყარის ოლქი] და გიორგი გახარიას პარტიის წევრების ნაბიჯები გადაწყვეტს.

საკრებულო არის თვითმმართველი ქალაქის ან თემის წარმომადგენლობითი-საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს და აკონტროლებს ადგილობრივი მთავრობის, ანუ მერის საქმიანობას.

ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, რა საფუძვლით უნდა გადაეთვალათ ამ მაჟორიტარული ოლქის უბნები და აცხადებდა, რომ თუკი კომისია ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდა.

წითლიძის თქმით, კომისია მათ ყველა უბნის გადათვლაზე უარს ეუბნება.

წითლიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა „შევარდნაძის დროინდელ მეთოდებს“ შეადარა და განუცხადა, რომ გეგმავს, ხვალვე მიმართოს პროკურატურას მე-11 ოლქის დალუქული ოქმების სავარაუდოდ უკანონოდ გახსნის შესახებ.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი