ახალი ამბები

შეურთდებიან თუ არა პარტიები ხვალ ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტს

7 ნოემბერი, 2023 • 1408
შეურთდებიან თუ არა პარტიები ხვალ ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტს

პოლიტიკური პარტიების ნაწილი დადებითად აფასებს  პრეზიდენტის ინიციატივას 8 ნოემბერს, ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნების დღეს, ორბელიანების სასახლესთან შეკრებაზე.

თუმცა, შეურთდებიან თუ არა პარტიები ორბელიანების სასახლესთან შეკრებას, ჯერ უცნობია.

„მე ვერ გეტყვით, საქართველოს პრეზიდენტმა რატომ გადაწყვიტა ეს ამ ფორმით. თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც უფრო მეტ ადგილას შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები, მით უფრო კარგია. ხვალ ჩვენ კიდევ ერთი შესაძლებლობა გვავქს იმის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვანახოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა“, – განაცხადა „ფორმულასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც ამბობს, რომ ხალხის ნების ჩვენება და ევროინტეგრაციის მხარდაჭერა აუცილებელია.

„სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. ამიტომაც ის გახდა დევნის ობიექტი „ქართული ოცნების“ მიერ.  მე ვფიქრობ, რომ ხალხის ნების გამოხატვა და მუდმივად მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საჭირო და აუცილებელია, როცა ასეთი პრორუსული ტიპის ხელისუფლება გყავს“, – განუცხადა „ფორმულას“ ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის კურსის ცვლილებაზე მთავარ პასუხისმგებელ პირად ბიძინა ივანიშვილს არ დაასახელებს, მანამდე მის სწორ ქმედებებსაც დამაჯერებლობა არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ისევ იგივე რჩება – პასუხისმგებლობას ყველაფერზე და მათ შორის საგარეო კურსის ცვლილებაზე ჰკიდებს ღარიბაშვილს და კობახიძეს. ესენი არიან რიგითი მონები და ყველამ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი. მანამ, სანამ მას არ დაასახელებს, მანამდე მის საუბარს და ქმედებებს, რაოდენ სწორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ექნება ეგ ჩრდილი და არადამაჯერებლობა“, – განუცხადა „ფორმულას“ ზურაბ ჯაფარიძემ.


ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს მონაწილეობისკენ.

ზურაბიშვილის თქმით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის გუშინ მომხდარი მკვლელობის ფონზე კონცერტი გაუქმდა,მაგრამ პრეზიდენცი აცხადებს, რომ მოქალაქეები მაინც შეიკრიბებიან, რათა ევროპას კიდევ ერთხელ გააგონონ საქართველოს მიერ გაკეთებული არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი