ახალი ამბები

ენმ-ში მელიას წასვლას „პირადი ამბიციით და წყენით“ ხსნიან

8 დეკემბერი, 2023 • 953
ენმ-ში მელიას წასვლას „პირადი ამბიციით და წყენით“ ხსნიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას წასვლით „ახალი არაფერი მომხდარა“ და პარტია ამ პროცესებიდან „კიდევ უფრო ძლიერი გამოვა“.

დეპუტატმა ანა წითლიძემ მელიას გადაწყვეტილებას უწოდა „არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით და ნარცისიზმით“.

„ცუდია, რომ ადამიანი შიდაპარტიულ წაგებას ისე განიცდის, რომ შემდეგ ვერ ახერხებს ბოღმის კონტროლს…„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველა წასული ადამიანი დანაკლისია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა წასვლა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ ნახოთ, 11-წლიან ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ და როგორ განვითარდა და გაძლიერდა „ნაციონალური მოძრაობა“, — განაცხადა წითლიძემ.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცნობილი იყო ნიკა მელიას და მისი თანაგუნდელების სტრატეგია, პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ.

„გუშინ საზოგადოებამ იმ 8-9-თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა“, — განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებისთვის ახალი არაფერი მომხდარა.

„ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია. ასეთი ფაქტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა“, – დასძინა ბეჟაშვილმა.

„თვეებია ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა გაფორმება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ენმ-ის დღის წესრიგში ნიკა მელია უკვე თვეებია არ განიხილებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ენმ-დან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ოფიციალურად 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ 27 ნოემბერს თქვა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ იყო.

მელიას განცხადებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრების მიერ სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და რიგების დატოვება. მათ შორის ფრაქცია დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი