ახალი ამბები

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

5 ოქტომბერი, 2021 • 4231
“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

“ქართული ოცნება” ზუგდიდში 4 უბნის შედეგების გადათვლასა და უკვე შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვს.

“ოცნების” საჩივრის თანახმად, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებიდან მე-2 დღეს დარეგისტრირდა, ნათქვამია, რომ ბიულეტენები ბათილად კანონდარღვევით ჩაითვალა.

საჩივარი ჯერჯერობით განხილვაშია.

“ქართული ოცნების” საჩივარი 

“დაირღვა ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები ზუგდიდის #11 მაჟორიტარული ოლქის 53, 54, 57, 58 საარჩევნო უბნებში. კერძოდ, აღნიშნულ უბნებში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული, ბათილად ჩაითვალა კანონდარღვევით და დაემატა ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

შედეგად, 53-ე უბანში არასწორად გაბათილდა 40 საარჩევნო ბიულეტენი, 54-ე უბანში – 13 ბიულეტენი, 57-ე უბანში – 23 ბიულეტენი და 58-ე უბანში – 19 ბიულეტენი”, – წერია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ მომზადებულ საჩივარში.

ენმ-ის შეფასება 

ზუგდიდში ენმ-ის ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ოცნება ზუგდიდის იმ მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 2 ხმით გაიმარჯვა.

მისი განცხადებით, ოცნების საჩივარს თან არ ახლავს მტკიცებულება, რომ ბიულეტენები არასწორად გაბათილდა და იგივე შემთხვევის დროს, წარსულში, სასამართლომ გადათვლის გადაწყვეტილება არ მიიღო.

“საოლქომ უნდა ჩანიშნოს სხდომა და გადაწყვიტოს, გადაითვლიან თუ არა უბნებს. ამ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულება, რომელიც არ არის. მანამდე, ბოლო ორ არჩევნებზე, გაბათილებული ბიულეტენების გადათვლას მე ვითხოვდი სასამართლოშიც. ვიდავე და უარი მივიღე. ახლა რა პრეცედენტს დაუშვებს საოლქო, საინტერესოა”, – აცხადებს ანა წითლიძე.

მისი განცხადებით, საჩივრის შესახებ მან უკვე მიმართა ეუთო/ოდირის წარმომადგენლობას.

ანა წითლიძის განცხადებით, პარალელურად მან შეიტანა ხუთი საჩივარი საოლქოში სადაც ითხოვს ზუგდიდის ყველა უბნის გადათვლას.

“თუ საოლქო დაეთანხმება ქართულ ოცნებას და დააკმაყოფილებს მათი მოთხოვნილი უბნების გადათვლას, მაშინ მოუწევს ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად ყველა უბნის გადათვლა”, – აცხადებს ანა წითლიძე.

უბნების შედეგები 

ზუგდიდის მე-11 სამაჟორიტარო ოლქის სამ უბანზე, სადაც “ქართული ოცნება” ხმების გადათვლას ითხოვს, ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მანუჩარ ფიფიამ გაიმარჯვა, ხოლო ერთ – 54-ე უბანზე გაიმარჯვა პარტიის “საქართველოსთვის” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა – ნიკა გაბედავამ, თუმცა ამ უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა “ქართული ოცნების” კანდიდატზე მეტი ხმის მოპოვება მაინც შეძლო.

ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად, 53-ე უბანზე მან “ქართული ოცნების კანდიდატ სოსო გოგოხიაზე 23 ხმით მეტი მიიღო. 54-ე უბანზე – 22 ხმით მეტი, 57-ე უბანზე – 7 ხმით მეტი და 58-ე უბანზე- 13 ხმით მეტი.

საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ოთხ უბანზე ფიფიამ გოგოხიაზე 65 ხმით მეტი მიიღო. ოთხივე უბანზე გაბათილებული ბიულეტენების საერთო ჯამი არის 95.

ოთხივე უბანზე კომისიის თავმჯდომარეც და მდივანიც “ოლქის” წარმომადგენელია, ანუ დანიშნულია ცესკოს მიერ და არ არიან პარტიების წარმომადგენლები.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხმების გადათვლით მე-11 მაჟორიტარულ ოლქს “ქართული ოცნება” მოიგებს

იმ დაშვების შემთხვევაში, თუ მე-11 ოლქის 4 უბანზე ბიულეტენები გადაითვლება და ახალი შედეგებით ოლქს “ქართული ოცნების” კანდიდატი მოიგებს, ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა დაკარგავს ერთ მანდატს, რომელიც ქართულ ოცნებას დაემატება.

შედეგად, ენმ-ს ეყოლება 22 წევრი, “ქართულ ოცნებას” – 19, ხოლო “საქართველოსთვის” – 3 მანდატის მოპოვებას შეძლებს. ერთი მანდატისთვის კი მეორე ტური გაიმართება, სადაც “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის კანდიდატები მონაწილეობენ.

ზუგდიდის საკრებულო სულ 35 წევრისაგან შედგება. აქედან 20 პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 15 – მაჟორიტარულით.

ენმ-მ “ქართულ ოცნებას” პროპორციულ ნაწილშიც სძლია და უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქიც მოიგო პირველივე ტურში.

არჩევნების შედეგებით [იმ შემთხვევაში, თუ ხმები არ გადაითვლება], ენმ-ს 23 წევრი ეყოლება ზუგდიდის საკრებულოში, “ქართულ ოცნებას” – 18, ხოლო გახარიას “საქართველოსთვის” – 3. ერთი მანდატის ბედი მაჟორიტარული არჩევნების შედეგად გადაწყდება II ტურში ენმ-სა და “ოცნების” კანდიდატებს შორის.

ზუგდიდში, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ან ბიულეტენების გადათვლის შემთხვევაში არჩევნების შედეგები არ შეიცვლება, ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს საკრებულოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში [ხმების გადათვლის შემთხვევაში “ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვების დროს], ყველაფერი დამოკიდებული იქნება ერთ მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ მეორე ტურზე.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, მაშინ პარტიას კვლავ შეეძლება საკრებულოს დამოუკიდებლად დაკომპლექტება 23 მანდატით. თუ მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი მოიგებს, მაშინ არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ქართულ ოცნებას” არ შეეძლებათ საკრებულოს დამოუკიდებლად დაკომპლექტება და  ამისთვის პარტიის “საქართველოსთვის” მანდატები დასჭირდებათ.

საკრებულო არის თვითმმართველი ქალაქის ან თემის წარმომადგენლობითი-საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს და აკონტროლებს ადგილობრივი მთავრობის, ანუ მერის საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი