ახალი ამბები

ელჩებმა “სუს-ის ფაილებთან” დაკავშირებით ზალკალიანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს

4 ოქტომბერი, 2021 • 1324
ელჩებმა “სუს-ის ფაილებთან” დაკავშირებით ზალკალიანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ელჩების თქმით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

შეხვედრაზე, ელჩების განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით, უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი