ახალი ამბები

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

15 სექტემბერი, 2021 • 1414
“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს, ადგილი აქვს ფაბრიკაციას თუ “სხვა უფრო მძიმე დანაშაულს”.

“ვინ თქვა, რომ ოპოზიცია იწერს [კადრებს]? მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე.  ნაცმოძრაობის, სააკაშვილის (და სამწუხაროდ, სააკაშვილის დიდ გუნდს შეუერთდნენ სხვა მოღალატეებიც) ხელწერა არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი “სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, მეორე მხრივ, არ გამორიცხავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის მონაწილეობას.

“ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის მიერ და იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელ ამ შეთქმულებაში… პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დააამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელია იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის მოსმენების სამსახურთან. სპეკულირება და წინასწარი დასკვნები არ მსურს, ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ “შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირს” და “ყველა მოღალატეს” მკაცრი პასუხი გაეცემა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც პრემიერმა ახსენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან 2021 წლამდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი