ახალი ამბებიეკონომიკა

წლიური ინფლაციის დონე 12.3 პროცენტია – საქსტატი

4 ოქტომბერი, 2021 • 3019
წლიური ინფლაციის დონე 12.3 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის შემთხვევაში, ფასები გაზრდილია ყველა ჯგუფში, გარდა კავშირგაბმულობისა, სადაც 0.6 -პროცენტიანი გაიაფება დაფიქსირდა, და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, სადაც ფასები 1.1 პროცენტით გაიაფდა.

ფასები მატება ყველაზე მეტად დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში – 20.3 პროცენტით, სურსათის ჯგუფში- 15.9 პროცენტით, ავეჯისა და სახლის მოვლის ჯგუფში – 12.5 პროცენტით, კომუნალურების ჯგუფში- 11.8 პროცენტით, სასტუმროებისა და რესტორნების ჯგუფში – 10.7 პროცენტით.

სურსათის ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი (40.7 პროცენტი),
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (17.1 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (13.2 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6 პროცენტი),
  • თევზეული (11.5 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (7.1 პროცენტი);

სურსათის ჯგუფში ფასების მატება წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა.

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც 9.3 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს აგვისტოს მდგომარეობით.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.0 პროცენტი აქვს დადგენილი, რომელიც 4 აგვისტოს 0.5 ერთეულით, ივლისის თვის ინფლაციის გათვალისწინებით, გაიზარდა, რაც სექტემბერშიც უცვლელი დარჩა. შემდეგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 27 ოქტომბერს უნდა განისაზღვროს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ ან იზრდება, ან უცვლელია.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, განაკვეთზე დამოკიდებულ, სესხებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი