ახალი ამბები

ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში პროგრესის გარეშე – Freedom House-ის ანგარიში

22 სექტემბერი, 2021 • 1027
ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში პროგრესის გარეშე – Freedom House-ის ანგარიში

“Freedom House-ის”  მონაცემებით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყანაა. გასულ წელთან შედარებით მისი მონაცემი 1 ქულით გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოზიციები არ გაუარესებულა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში “პროგრესი სტაგნაციაშია”

ანგარიშის ავტორები ასევე საუბრობენ გამოწვევებზე, მათ შორის, კიბერ თავდასხმებსა და ონლაინ შევიწროებაზე, რომლებიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში კვლავაც აშკარაა.

ინტერნეტის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 77 ქულა აქვს. სამი კრიტერიუმიდან პირველს — ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლა — რომლის მაქსიმალური ქულა 25-ია, საქართველოს მინიჭებული აქვს 19 ქულა.

კრიტერიუმში “კონტენტის შეზღუდვა” ქვეყანა 35-დან 31 ქულით არის შეფასებული, მესამე ნაწილში კი, მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებ, საქართველოს 27 ქულა აქვს 40-დან.

“Freedom House”-ის თანახმად, “საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება გაუმჯობესებულია”, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის პერიოდში არავინ დაუკავებიათ ონლაინ აქტივობების გამო.

მეორე მხრივ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას “გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის” გამო აკრიტიკებენ, ქალი პოლიტიკოსები და კანდიდატები კი ონლაინ შევიწროების ობიექტები იყვნენ 2020 წლის არჩევნების წინ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტთან წვდომა საქართველოში იზრდება, თუმცა, ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით მთავრობის მუშაობა “ნელა პროგრესირებს”.

მეორე მხრივ, საუბარია პრობლემებზე პოლიტიკური ვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით.

“საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012–13 წლებში ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდში.

თუმცა, პროგრესი ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიულ მოთამაშეებს აქვთ დიდი გავლენა პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე და კანონის უზენაესობას კვლავ აფერხებს პოლიტიკური ინტერესები”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევა მოიცავს პერიოდს 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 მაისამდე. ამ პერიოდიდან ორგანიზაცია გამოყოფს სადავო ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, კანონით ავტორიზებულ პირთა მიერ მის გადაწყვეტილებათა არშესრულების შემთხვევაში, შესაბამის კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ “საქართველოს კიბერსივრცე კვლავ დაუცველი იყო გარე შეტევების მიმართ”, ანგარიშის მომზადების პერიოდში კი გავრცელდა ცნობები სულ მცირე ორი კიბერთავდასხმის შესახებ. ამ ნაწილში ნახსენებია უცხო ქვეყნიდან განხორციელებული შეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე, თავდასხმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სერვერებზე და სხვ.

საქართველოს მეზობელი სომხეთი ინტერნეტის თავისუფლების კუთხით “Freedom House”-ის ასევე თავისუფალ ქვეყნად არის შეფასებული. ქვეყანას 71 ქულა აქვს. აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი არათავისუფალ ქვეყნებად არიან მოხსენიებულნი, შესაბამისად, 35, 30 და 34 ქულით.

მასალების გადაბეჭდვის წესი