ახალი ამბები

“საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად ტარდება” – პროკურატურა გავრცელებულ ფაილებზე

18 სექტემბერი, 2021 • 1533
“საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად ტარდება” – პროკურატურა გავრცელებულ ფაილებზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებზე განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ “ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება” და იკითხებიან მოწმეებიც.

“გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით.

ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით”, — დასძენს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, დაკითხულ მოწმეთა შორის არიან იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე და გამოკითხვისას თითოეულ მათგანს შეეთავაზა, გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია”.

“აქვე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ მასალებზე ან ფიგურირებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ასევე, აღნიშნული მასალა შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები'”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ასეულობით ფაილი და სახელმწიფოს რეაქცია

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა, ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

გაჟონილი ფაილებიდან არაერთი, მათი ავთენტურობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ნათელს ხდის, რომ სუსი უსმენს საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო დღეებში შეიცვალა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდნენ. თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი