ახალი ამბები

ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი იყო, თუმცა მასზე ზეწოლა განხორციელდა — გახარია მერის არჩევნებზე

16 სექტემბერი, 2021 • 4062
ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი იყო, თუმცა მასზე ზეწოლა განხორციელდა — გახარია მერის არჩევნებზე

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა, თავად ებრძოლა აღნიშნული პოზიციისთვის. მისი განცხადებით, პარტიას იქამდე მასზე “ბევრად უკეთესი” კანდიდატი ჰყავდა მერობისთვის, თუმცა ამ ადამიანზე “ზეწოლა განხორციელდა” და ვითარება შეიცვალა.

“ჩვენ მართლა ღირსეული მერობის კანდიდატი გვყავდა, რომელიც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი მერი იქნებოდა.

თუმცა, სამწუხაროდ, მასზეც განხორციელდა ზეწოლა და ეს იყო ბოლო წითელი ხაზი, რის გამოც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რამეთუ ჩვენ უბრალოდ დავინახეთ, რომ “ოცნება” თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გვაბრუნებს “ნაციონალური მოძრაობის” წარსულში, რაც კატეგორიულად მიუღებელია”, — დასძინა მან.

გახარიას არ დაუკონკრეტებია, ვის უნდა ეყარა კენჭი და ვისზე განხორციელდა ზეწოლა.

თავისი პარტიის პრეზენტაციის დღეს, 2021 წლის 29 მაისს, გახარიას ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, თავად ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი, რასაც მან უპასუხა:

“ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს”.

თუმცა პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტიის “საქართველოსთვის” სახელით აღნიშნული თანამდებობისთვის გახარია იბრძოლებდა.

მანამდე, ივლისში, მედიაში ისმოდა კითხვები, ხომ არ განიხილავდა გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ (აჩი) არველაძეს.

„განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება“, — თქვა ამ კითხვის საპასუხოდ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ, 21 ივლისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი