ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარე წალენჯიხასა და სენაკშიც ვერ აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 •
საკრებულოს თავმჯდომარე წალენჯიხასა და სენაკშიც ვერ აირჩიეს

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც ვერ აირჩიეს.

წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების სხდომებზე ცნეს დეპუტატების უფლებამოსილება, რის შემდეგაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში  მონაწილეობაზე უარი განაცხადა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის”. შესაბამისად, თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო სხდომები 10 დეკემბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

იგივე მოხდა ზუგდიდის და ჩხოროწყუს საკრებულოებშიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მხოლოდ ოთხში — აბაშაში, მარტვილში, ხობსა და მესტიაში — მოხერხდა. აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან მაკალათია გახდა, მარტვილის — ლევან სურმავა, ხობის — ლევან ქავთარაძე, მესტიის — მაიზერ ჯაფარიძე. ოთხივე მათგანი პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკისა და ჩხოროწყუს საკრებულოებში არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებაა საჭირო.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის უხუცესი წევრი.

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია, სხდომა 1 კვირით გადაიდო

ოპოზიციამ ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა დატოვა – სხდომა გადაიდო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი