ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის თანახმად, საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1328 ლარია

15 სექტემბერი, 2021 • 3547
საქსტატის თანახმად, საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1328 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, წლების მიხედვით ასე იზრდებოდა საშუალო ხელფასი საქართველოში 

საქსტატის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4
პროცენტით);

საქსტატისვე ცნობით, 2021 წლის II კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი თითქმის 500 ლარით აღემატებოდა ქალების საშუალო ხელფასს.

“ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 560.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საშუალო თვიური ხელფასი წლებისა და გენდერული განაწილების მიხედვით/საქსტატი

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი?

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

გაიგეთ, რა მიზეზით არ ითვლის საქსტატი ხელფასებს ამ ხერხით და რა კითხვები არსებობს ხელფასების სტატისტიკის ამგვარად წარმოებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთის სტატიებიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი