ახალი ამბები

თალიბებმა ქალ დემონსტრანტებს მათრახებითა და ხელკეტებით სცემეს ქაბულში

9 სექტემბერი, 2021 • 2055
თალიბებმა ქალ დემონსტრანტებს მათრახებითა და ხელკეტებით სცემეს ქაბულში

ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანის მებრძოლებმა მათრახებითა და ხელკეტებით სცემეს ქალებს, რომლებიც ქაბულში თავიანთი უფლებების დაცვისა და პოლიტიკური მონაწილეობის მოთხოვნით გამოვიდნენ. ქალთა პროტესტს წინ უძღოდა თალიბანის მიერ მთლიანად კაცებით დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობის გამოცხადება.

“ყველანი გვცემეს, მეც დამარტყეს” — რას ჰყვებიან ქალები

ქაბულის ერთ-ერთ უბანში ქალთა ჯგუფი ოთხშაბათს, 8 სექტემბერს გამოვიდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ BBC-ის უთხრა, ისინი მშვიდობიანი მარშით გადაადგილდებოდნენ, მცირე ხნის შემდეგ კი შენიშნა, რომ აქტივისტებს 4-5 ავტომანქანა მიჰყვებოდა. თითოეულში თალიბანის დაახლოებით 10 მებრძოლი იჯდა.

ქალები მედიას უყვებიან, რომ ისინი გააჩერეს და სცემეს მათრახებითა და ჯოხებით, რომელთაც ელექტრო შოკის დანიშნულებაც ჰქონდათ.

“ორჯერ დამარტყეს მხარზე. მთელ სხეულში ვგრძნობდი ტკივილს. ახლაც მტკივა და მკლავს ვერ ვამოძრავებ. ასევე გვეძახდნენ ძალიან ბევრ ცუდ სიტყვას, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მრცხვენია, გავიმეორო ის სახელები, რომელთაც გვეძახდნენ”, — ერთ-ერთ აქტივისტს ციტირებს BBC.

ქალთა პროტესტი ქაბულში. 08.09.21 სქრინი BBC-ის ვიდეოდან

“ყველანი გვცემეს. მეც დამარტყეს. გვეუბნებოდნენ, რომ სახლებში წავსულიყავით, [რადგან] იქ არის ჩვენი ადგილი”, — დასძენს მეორე.

კიდევ ერთმა აქტივისტმა, რომელსაც აქციის მიმდინარეობისას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით “მთავრობა ქალების გარეშე წაგებულია”,  ამერიკულ CNN-ს უთხრა:

“…გვეუბნებოდნენ, სახლებში წავსულიყავით და გვეღიარებინა საამირო. რატომ უნდა დავთანხმდეთ საამიროს, როცა არანაირი ჩართულობა ან უფლება არ მოგვეცა?”

თალიბანმა, რომელმაც ავღანეთზე კონტროლი 3 კვირის წინ დაამყარა, ქვეყანაში “ისლამური საამირო” გამოაცხადა, დროებითი მთავრობის შემადგენლობა კი, რომელიც ძირითადად აერთიანებს დაჯგუფების ძველ სახეებს, 7 სექტემბერს წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაჯგუფებამ სურვილი გამოთქვა “ისლამური, ინკლუზიური მთავრობის” დაკომპლექტების შესახებ, ახლად გამოცხადებული კაბინეტის ყველა მინისტრი მხოლოდ თალიბანს წარმოადგენს.

“მე არ მეშინია”

გასულ კვირებში ავღანელი ქალების ჩართულობით ქაბულში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი აცხადებენ, რომ ვერ შეეგუებიან არსებულ რეალობას.

ამ ფონზე თალიბანმა აკრძალა უნებართვო აქციები და თქვა, რომ დემონსტრანტებმა შესაბამისი ნებართვა მთავრობისგან უნდა მიიღონ, უსაფრთხოების სამსახურებს კი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ როგორც აქციის გამართვის ადგილის, ისე იქ წარმოდგენილი ბანერების შინაარსის შესახებ.

“[ჩემი ოჯახი] მეუბნება, რომ არ წავიდე საპროტესტო აქციებზე, რომ [თალიბანი] მომკლავს. ჩემს ძმას ვეჩხუბე იმისთვის, რომ ოთხშაბათის მარშზე წამოვსულიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ხმა ავიმაღლოთ.

მე არ მეშინია. განვაგრძობ კიდევ და კიდევ იქამდე, სანამ არ დაგვხოცავენ. სჯობს, ერთხელ მოკვდე, ვიდრე ნელ-ნელა”, — აღნიშნავს ქალი, რომელიც იქამდე სამთავრობო დეპარტამენტში საქმიანობდა და საკუთარ ბიზნესსაც ფლობდა.

ოთხშაბათის აქციაზე თალიბანის მებრძოლები ჟურნალისტებსაც გაუსწორდნენ. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს, Etilaatroz-ის რედაქტორის თქმით, მისი ორი რეპორტიორი პროტესტის გაშუქების დროს დააკავეს, ცალ-ცალკე ოთახებში მოათავსეს და ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

კიდევ ერთი ავღანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ თალიბანის მებრძოლებმა აპარატურა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და სცემეს. მისი სიტყვებით, ამაოდ ეუბნებოდა ისლამისტებს, რომ ჟურნალისტი იყო.

ხელისუფლებაში მოსვლისას თალიბანმა თქვა, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”. თუმცა, მას შემდეგ, დაჯგუფებამ ყველა დასაქმებულ ქალს, გარდა ჯანდაცვის სექტორის მუშაკებისა, მოუწოდა, სახლებში დარჩენილიყვნენ, სანამ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გამოკეთდება.

ქალების მუშაობას თალიბანი ასევე უსაფრთხოების საბაბით ზღუდავდა 90-იან წლებში, როცა დაჯგუფება პირველად მოვიდა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში.

7 სექტემბერს, ქაბულში გამართულ დემონსტრაციაზე, თალიბანის მებრძოლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. ფოტო: EPA

ოთხშაბათის აქციაზე ზოგიერთ აქტივისტს ხელში ეჭირა პოლიციის ორსული ოფიცრის ფოტო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ღურის პროვინციაში ოჯახის თანდასწრებით მოკლეს. თალიბანმა მომხდართან თავისი კავშირი გამორიცხა, თუმცა გამოძიება დაიწყო.

ქალთა მდგომარეობა გასულ 20 წელიწადში

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, 2001 წლის(თალიბანის პირველი ხელისუფლების დამხობის) შემდეგ, არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოკლე დროში, ერთმანეთის მიყოლებით დაიკავა ავღანეთის საკვანძო ქალაქები, 15 აგვისტოს კი ქაბულში დაუბრკოლებლად შევიდა. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი