ახალი ამბები

ზურაბიშვილი: EU-ს სესხზე უარი ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია

2 სექტემბერი, 2021 • 1262
ზურაბიშვილი: EU-ს სესხზე უარი ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის მიღებაზე, გაუგებარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური არგუმენტების მოყვანა დახმარებაზე უართან დაკავშირებით ლოგიკას მოკლებულია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რომ არა საქართველოს ერთგული პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა და გვერდში დგომა, რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დაძლევა, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

მისი თქმით, რაიმე სახით ევროპული თანადგომის და საქართველოს მიმართ ევროპის ინტერესის შესუსტება ხელს მხოლოდ იმ ძალებს აძლევს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ქვეყანა დაასუსტონ:

“სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი ვალის შემცირების აუცილებლობაზე ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 300 მილიონი ლარის სესხი.

გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი მხრივ, ევროპულ სესხზე უარის თქმა და, მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როდესაც ის დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება”, — ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური შედეგები  სესხის აღება—არაღებით არ შემოიფარგლება და აქ მთავარია ქვეყნის რეპუტაცია და სანდოობა. მისი თქმით, მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმით უფლება გააჩნია, მაგრამ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე, ინვესტორთა განწყობაზე:

“დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური იზოლაცია, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არათუ ესმის, კიდევაც იზიარებს.

უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება კიდევ მეტად იქნება ევროპაზე დამოკიდებული, ვიდრე აქამდე იყო. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ასევე, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურაზე განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა” ,— აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

2020 წლის მაისში საქართველომ ითხოვა მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან, რის შემდეგაც ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტეს საქართველოსთვის გამოეყოთ მაკროფინანსური დახმარება მაქსიმუმ 150 მილიონი ევროს ოდენობით, სესხის სახით, რომელიც საქართველოს მაქსიმუმ 15 წელში უნდა დაეფარა.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

მასალების გადაბეჭდვის წესი