ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

31 აგვისტო, 2021 • 3176
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, 2021 წელს ევროკავშირისგან  არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილს.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

რა თქვა ღარიბაშვილმა?

„მოსახლეობას შევახსენებ, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევრო იყო სესხის მეორე ნაწილი, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას.


ღარიბაშვილის განცხადებით, ” გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება“. მან ასევე თქვა, რომ მოგვიანებით განმარტებებს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო .

„რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა:

„მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და, – ის კი არა, გადაწყვეტილიც გვაქვს, – რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე“.

ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ „მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება“:

„შეგახსენებთ, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა. წინასწარი ინფორმაციით, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში, 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“.

ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე „ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო“. მან ასევე გააკრიტიკა მისი პოლიტიკური ოპონენტები და ჟურნალისტებს განუცხადა:

„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, – მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ის ჯგუფში, – და ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით“.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი

„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახსენა.

მიშელმა საკუთარი ტვიტერის გვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თქვა, რომ პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ბოლო ვადა ახლოვდება და საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებების, განსაკუთრებით კი, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულების დემონსტირების დროა“, — წერდა მიშელი.

რა არის მიკროფინანსური დახმარება

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო.

მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

ოცნების გადაწყვეტილება

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა.

ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

კობახიძის კომენტარები

ღარიბაშვილის 31 აგვისტოს განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ფინანსური რესურით დააკომპენსირებს ქვეყანა მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებულ 75 მილიონ ევროს, კობახიძემ უპასუხა, რომ ბიუჯეტში, წინასწარ პროგნოზთან შედარებით, 1 მილიარდი ლარით მეტის აკუმულირება მოხდა:

„ფინანსური დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს ამ პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი და, მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული. დაახლოებით, დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა ბიუჯეტში პროგნოზირებულთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 12.7% იყო პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო, ფინანსური დატვირთვა ამას [დახმარებას] აღარ აქვს“ – განაცხადა კობახიძემ 30 აგვისტოს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

რაც შეეხება პილიტიკურ დატვირთვას, კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გააზრებული აქვს დახმარების შესაძლო შეწყვეტის პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა ევროკავშირის გადასაწყვეტია, გასცემს თუ არა აღნიშნულ თანხას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აღნიშნული თანხის გაცემაზე უარს იტყვის, ეს არ იქნება სანქცია და ამ ტერმინის გამოყენება „ცარიელი სპეკულაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი