კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და მას “ჩაფლავებული” უწოდა. ამასთან, წულუკიანი გამოეხმაურა გუშინ “თავისუფლების ინსტიტუტის” და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” მიერ ჩატარებულ აქციასაც, როდესაც აქციის მონაწილეებმა მუზეუმთან, მის “დასაცავად” ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. წულუკიანის თქმით, აქციის მონაწილეების “დასახმარებლად” მათ შეუძლიათ “ჯაჭვის რგოლებად იმუშაონ”. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს. თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი, მათდა სამწუხაროდ”, – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის თქმით, მუზეუმთან დაკავშირებით სამინისტროს და მთავრობას ურყევი პოზიცია აქვთ. ამასთან, წულუკიანმა განაცხადა, რომ მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე “გამოიშიგნა”. მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტრო ინვენტარიზაციის შედეგებს სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს:
“შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მე ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მუზეუმიდან გატანილია არაერთი ექსპონატი, რომელთა სიაც სექტემბრის ბოლოს დაიდება. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფინანსებთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, მუზეუმის შენობის აღდგენას ათეული მილიონი ლარი დასჭირდება, რასთან დაკავშირებითაც “მთავრობის შიგნით” დისკუსიები მიდის და საბიუჯეტო ასიგნებებში მომავალ წელს აისახება.
მინისტრმა ასევე დაასახელა ის ადამიანები, ვინც მუზეუმის შენობის აღდგენასა და ექსპონატებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ:
“მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა აისახება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, საჭიროა პროექტი. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე.
რაც შეეხება სამუზეუმო საქმეს, ამ პროცესში ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც, დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ, ისე მართავდნენ ფონდის უფროსები ამ მუზეუმს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ბატონი გიას კომპეტენტურობას ენდონ იმიტომ, რომ მისი კომპეტენტურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის მიერ. ასევე, ჩვენ გვყავს მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი. მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არ ჰყოლია და ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი. ამასთან, ყველა თანამშრომელი, ვინც მანამდე მუშაობდა, რჩება ადგილზე. ვისაც უნდა შრომა, შრომობს. ვისაც ყვირილი უნდა, ყვირის, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუშინ თბილისში, ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორი აქცია გაიმართა. პირველი აქციის ორგანიზატორები იყვნენ “თავისუფლების ინსტიტუტი” და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება”. აღნიშნული აქციის მონაწილეებმა ხელოვნების მუზეუმთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. თუმცა როგორც ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, ეს იყო “ერთგავრი პრეაქცია” იმ აქციისა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის “ხელოვნების მუზეუმისთვის” ორგანიზებით პუშკინის სკვერში მოგვიანებით გაიმართა.
პირველი აქციის ორგანიზატორები განმარტავდნენ, რომ აქცია იყო ერთგვარი ანონსი, რომ თუ ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით არ იქნება წარდგენილი “რეალური გეგმები”, ადამიანები მას ფიზიკურადაც დაიცავენ.
რაც შეეხება “ხელოვნების მუზეუმისთვის” ორგანიზებით ჩატარებულ აქციას, ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მუზეუმი და მასში დაცული კოლექცია ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევენ.
ამასთან, აქციაზე ორგანიზატორებმა გაახმიანეს შემდეგი მოთხოვნები:
- მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარალამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება;
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა;
- პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების, რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს. სამინსიტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.
აქციის შესახებ ვრცლად ნახეთ:
საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა – საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმზე
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:
თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს
საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა – საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმზე