ახალი ამბები

საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა – საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმზე

3 აგვისტო, 2021 • 1625
საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა – საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმზე

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა.

მეორე ნაწილი კი შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში გადავა, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.

„ა.წ. 2 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის. განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი“, – წერია განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე წერს, რომ „გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები“.

ის, რომ ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას მუზეუმში გადავა, ადასტურებს თავად კულტურის სამინისტროს სამოქმედო გეგმაც. ამ გეგმაში გაწერილია ის პროცედურები, რაც უწყებამ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებით ევაკუაციისთვის გაწერა.

ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:

სქრინი კულტურის სამინისტროს სამოქმედო გეგმიდან


სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“, – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.

3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი