ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

5 აგვისტო, 2021 •
ხელოვნების მუზეუმთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

თბილისში, ხელოვნების მუზეუმთან “თავისუფლების ინსტიტუტმა” და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ” აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, აქცია არის ერთგვარი ანონსი, რომ თუ ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით არ იქნება წარდგენილი “რეალური გეგმები”, ადამიანები მას ფიზიკურადაც დაიცავენ. ამის დემონსტრირებისთვის კი აქციის მონაწილეებმა მუზეუმის შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

“ვნახავთ, დღეს რა გეგმას წარადგენენ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ფიზიკურადაც უნდა დავიცვათ. ეს [აქცია] რეალურად უფრო დაანონსებაა აქტივიზმის და აქციების იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს არ ეყოფათ და გონს ვერ მოეგებიან დროულად, მაშინ ფიზიკურადაც დავიცავთ მუზეუმს. სხვა გზა არ არის”, – განმარტა “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, სალომე ხვადაგიანმა.

ხვადაგიანის თქმით, “თავისუფლების ინსტიტუტი” შეუერთდება დღეს, 17:00 საათზე დაგეგმილ მეორე აქციასაც, სადაც გახმიანდება მათი მოთხოვნები, მათ შორის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელობის თანამდებობრივ ჩამოქვეითებასთან და პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ასევე, აქციის მონაწილეებმა მუზეუმსა და პანორამა თბილისს შორის, სამშენებლო ღობეზე გააკრეს პლაკატები, სადაც ექვთიმე თაყვაიშვილის წერილებიდან ნაწყვეტები იყო დატანილი. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამით სურთ, ხელისუფლებას შეახსენონ მუზეუმში დაცული საგანძურის მნიშვნელობა და მის დასაცავად გაღებული მსხვერპლი.

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა, მეორე ნაწილი კი- შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.

სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“, – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.

3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს


ამავე თემაზე:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი