ახალი ამბები

სამართალდამცავთა დანაშაულების პირდაპირი წაქეზება — “საია” ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

5 აგვისტო, 2021 • 975
სამართალდამცავთა დანაშაულების პირდაპირი წაქეზება  — “საია” ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “მძიმე მოულოდნელობას” უწოდებს ინფორმაციას 2019 წელს გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეში მონაწილე გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი საბჭოს ეს გადაწყვეტილება უნდობლობას იწვევს იმ პირობებში, როცა საქმესთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს არაერთი კითხვა.

“ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან მიმართებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეში მოხდა”, — აღნიშნა “საიას” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არის “არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირი წაქეზება ნებისმიერ იმ დანაშაულისა, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება ჩაიდინონ ნებისმიერ ჩვენგანის მიმართ და ისინი უბრალოდ დაუსჯელები დარჩნენ”.

“იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში, როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება”, — დასძენს “საია”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული პირველი ინსტანციის მიერ 2020 წლის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით. შესაბამისად, არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა. მორიგი სხდომა 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

“აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს.

მოვლენების ამგვარი განვითარება აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა”, — აღნიშნულია განცხადებაში.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აპირებს, ლუკა სირაძის ოჯახის სახელით დღესვე მიმართოს შესაბამის უწყებებს და ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს სრული დოკუმენტაცია, რომლის გაცნობის შემდეგ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას გააცნობს.

ჩოლოიანი თავისუფალია

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ჩოლოიანი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ადგილობრივი საბჭოები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექვემდებარება. საბჭო სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

სასამართლომ ჩოლოიანს პატიმრობა გასული წლის 7 სექტემბერს მიუსაჯა.

“ეს არის დაცინვა”

ლუკა სირაძის ძმის განცხადებით, “დაცინვა და შეურაცხყოფაა” ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება. ბექა სირაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა “დრო იხელთეს” ჩოლოიანის გასათავისუფლებლად.

“ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე, ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოც დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც ეთქმოდა რამე. გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.

ვერც კი გადმოვცემ, რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მეგონა, პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ, დაისჯებოდა და მიიღებდა [შესაბამის] სასჯელს.

ჩვენი დაცინვაა, 1.5 წელი რომ იჯდა ციხეში და ამის მეტი არაფერი მომხდარა. თან ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა…

ამხელა დანაშაული მოხდა, ამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. რეზონანსული საქმე იყო საქართველოში, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. იმ პერიოდში ალბათ ვერ მოახერხეს გათავისუფლება. ახლა სხვა რამეებზე რომ გადავიდა ყურადღება, მოახერხეს და გამოაძვრინეს ჩოლოიანი”, — უთხრა მან “მთავარ არხს”.

ლუკა სირაძის საქმე

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

გამომძიებლის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიმ თქვა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 23:30 საათამდე.

ლუკა სირაძის ძმა გასული წლის დეკემბერში  “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ: 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

გასული წლის ივლისში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის გარდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.

მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვდა. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.

თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ ჩოლოიანის გარდა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდანაც გამოვლინდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ პოლიციელებს დისციპლინარული სახდელი დაეკისრათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახდელის ფორმა არ დაუკონკრეტებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი