ახალი ამბები

დასრულებული ჯერ არაფერია, პროცესი ივნისის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს – იურისტი რუსულ კანონზე

17 აპრილი, 2024 • 1110
დასრულებული ჯერ არაფერია, პროცესი ივნისის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს – იურისტი რუსულ კანონზე

საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რა ეტაპებია კიდევ გასავლელი რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამდე მას შემდეგ, რაც ის „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება პროცესის დასასრული არაა და როგორც წინა წელს, შესაძლებელია, რომ მმართველ უმრავლესობას უკან დახევა აიძულონ.

სიმონიშვილის თქმით, დაახლოებითი კალენდარი იმის, თუ როგორ შეიძლება ყველაზე სწრაფად წარიმართოს პროცესი, ასე გამოიყურება:

  • პირველი მოსმენით მიღების შემდეგ,  22-29 აპრილის პერიოდში მეორე მოსმენით შეუძლია განიხილოს იურიდიულმა კომიტეტმა;
  •  30 აპრილი -2 მაისის შუალედში მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე შეიძლება გავიდეს განსახილველად და კენჭის საყრელად;
  • 7-10 მაისის შუალედში მესამე მოსმენით ისევ იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და მოამზადოს მესამე მოსმენით პლენარული განხილვის და კენჭისყრისთვის;
  •  14-17 მაისის შუალედში შეიძლება მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება და ესაა პარლამენტში ამ ეტაპზე საბოლოო აქტი;
  • დაჩქარებული წესით კანონპროექტი ვერ განიხილება, ახალი კანონის პროექტია და არა ცვლილების, ამიტომ ამაზე მეტად ვერ დაჩქარდება;
  • პარლამენტის მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს (სავარაუდოდ, მომდევნო დღესვე გაუგზავნიან).
  • პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (წესით ბოლომდე გამოიყენებს ამ ვადას).
  • პარლამენტი მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას და ამის საკმარისი ხმები ოცნებას აქვს;
  • თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად;
  • ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს.

„ამდენად, დასრულებული ჯერ არაფერია და ეს პროცესი ივნისის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს, ვეტოს გადალახვამდე კი თეორიულად და პრაქტიკულადაც შეიძლება ეს კანონპროექტი ჩავაგდებინოთ. ამიტომ, მთავარია, მზად ვიყოთ ბრძოლისთვის და არ დავიღალოთ“, – წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი