ახალი ამბები

ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან – კრამონი

30 ივლისი, 2021 •
ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მისი შეხედულებით, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ევროკავშირს მოუწევს, გადახედოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან.

30 ივლისს თბილისში, პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება „იყო და არის საფუძველი ევროპალამენტის მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის აქტივობებისა საქართველოს პარლამენტში“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს. შეთანმხების გაუქმება არღვევს ნდობას და ოცნებას ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ვერ ენდობი, რომელიც არ არის სანდო“, – განაცხადა მან.

შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას ფონ კრამონმა უწოდა „გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის“ და „ამან სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს“.

ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, „ოცნებისეული“ დასაბუთება „შეთანხმების გაუქმებისა იყო დაუსაბუთებელი და არასერიოზული“ და მმართველმა გუნდმა „არ შეასრულა ვალდებულებები“, რისი მაგალითიც იყო მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გარეშე.

„ნათელია, მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით საქმეების ჩვეულებრივ მიმდინარეობას… ევროკავშირს მოუწევს, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა მან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამაზუსტებელ კითხვაზე ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით, ფონ კრამონმა განაცხადა: „თუ არ ვიხალავთ ხელმოწერებს, ჯერ კიდევ მარტში ვსაუბრობდით მიკროფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშის შეჩერებაზე. და მე ვხედავდი კოლეგებისგან, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, რა თქმა უნდა“.

ევროპარლამენტარის თქმით, კონკრეტულ პროცედურაზე, ტექნიკურ საკითხებზე ახლა საუბარი არ შეუძლია და ეს მისი კოლეგის, ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კომპეტენციაა, რომელიც არის პასუხისმგებელი მომხსენებელი მიკროფინანსურ დახმარებაზე, თუმცა დასძინა:

„თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, [რეაგირების] სხვა ნაბიჯებიც არსებობს. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვეცდებით, მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილების სინქრონიზაცია აშშ-თან“, – განაცხადა მან.


28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვოს.

ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი