ახალი ამბები

ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანული ორგანიზაცია მრავალი წელი ასაქმებდა – ფონ კრამონი პაპუაშვილზე

3 აპრილი, 2024 • 2496
ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანული ორგანიზაცია მრავალი წელი ასაქმებდა – ფონ კრამონი პაპუაშვილზე

„ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში ასაქმებდა  საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე“, – ამბობს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე.

ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის დღევანდელ, 3 აპრილის განცხადებას. კერძოდ, პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გააფრთხილა, რომ თუ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ “რუსულ კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ, მიკროფონს გაუთიშავს.

„როგორ შეიძლება, დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სამარცხვინოა! “, –  წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

საპარლამენტო უმრავლესობა ისევ გეგმავს, ე.წ. რუსული კანონი მიიღოს. თუმცა ამავე უმრავლესობის არაერთი დეპუტატი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მიენიჭოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ ან თავად “უცხოური ძალის” სტატუსი.

ასეთ დეპუტატებს შორისაა შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 17 წელი მუშაობდა.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი