ახალი ამბები

ჩნდება ეჭვი საქართველოს პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით – ბრიტანეთის მთავრობა

29 ივლისი, 2021 • 1172
ჩნდება ეჭვი საქართველოს პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით – ბრიტანეთის მთავრობა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO – სამთავრობო უწყება) აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ეჭვს აჩენს საქართველოს პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით და ყველა პარტიას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

FCDO-ს სპიკერმა განაცხადა:

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებით ცალმხრივად გასვლის შესახებ 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის მიზანი პოლიტიკური ჩიხის დაძლევა იყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად იმუშაოს პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად და მიაღწიოს კონსენსუსს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“.

განცხადების თანახმად, „ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს წინსვლისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე“, ხოლო „ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიაზე“.

საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, „დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, ხელახლა ფოკუსირდნენ და მიმართონ ძალისხმევა, რათა შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმები იქნას მიღებული“.

„გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა, განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ასე სასწრაფოდ არის საჭირო სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი მედეგობის გასაუმჯობესებლად“, – წერია 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვონ.

ამასთან, „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი