კომპანია Nestle-მ დაიწყო შიდა გამოძიება მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა გაუშვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია “იმედზე”, იტყობინება ბრიტანული ბიზნეს-გამოცემა City A.M.

გამოცემის ცნობით, საკვებისა და სასმელების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა შეინარჩუნა კომერციული ურთიერთობა ქართულ მედიაკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც კი, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მას თებერვალში სანქციები დაუწესა და კრემლის მიკერძოებულ რუპორად გამოაცხადა.

ქართული ტელეარხი, რომელიც 2003 წელს მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა, შეტანილია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაში და აღწერილია, როგორც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ „შეგნებულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებელი“.

“ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO).

„კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთ შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“.

City A.M-ის სტატიის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მარტში დაასახელა Nestle დასავლური კომპანიების იმ ჯგუფს შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს კავშირი ტელეარხთან, მიუხედავად იმისა, რომ ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ცნობილია, რომ Nestle-მ განაგრძო თავისი ბრენდების, მათ შორის Nescafe, Nescafe Gold და Nesquik-ის რეკლამირება „იმედის“ ეთერში.

City AM-ის ინფორმაციით, Nestle-ს შიდა გამოძიებას ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიენ ჯილი, ლონდონის იურიდიული გუნდის წარმომადგენლის, მარკ მორის ჯონსის მონაწილეობით.

„იმედთან“ დაკავშირებულმა ზოგიერთმა გლობალურმა ბრენდმა მყისიერად გაწყვიტა კავშირი. მათ შორის BBC-მ, რომელსაც ლიცენზირებული ჰქონდა შოუ Strictly Come Dancing ტელეკომპანია „იმედისთვის“ (ცეკვავენ ვარსკვლავები”), თუმცა გარიგება მეორე დღესვე გააუქმა.

UK-ის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა, რომელიც სანქციების რეჟიმს ზედამხედველობს, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

“სანქციების ნებისმიერი წინა დარღვევა უხერხულ დარტყმას მიაყენებს Nestle-ს, რომელიც 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთთან ბიზნესკავშირების შენარჩუნების გამო. მან მაშინ განაცხადა, რომ კომპანიამ ვერ გაამართლა თავისი სლოგანი – „კარგი საკვები, კარგი ცხოვრება“ (good food, good life). მოგვიანებით, იმავე წელს, კომპანიამ რუსეთში საქონლის უმეტესი ნაწილის წარმოება და გაყიდვები შეაჩერა”, – წერს გამოცემა.

Nestle-ს სპიკერმა განაცხადა: „გვინდა დაგარწმუნოთ, რომ Nestlé იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას, და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც.“