სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ტექსტები გაცვალეს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივი დეკლარაციით, ჩვენ ვხსნით ახალ და იმედის მომცემ ფურცელს ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და განმტკიცებულ თანამშრომლობას“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.