ახალი ამბები

მელია: არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნების ბოიკოტზე

29 ივლისი, 2021 • 907
მელია: არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნების ბოიკოტზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის “ქართული ოცნება”, ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა აქვს:

“გუშინ ქართულმა ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რასთან გვაქვს საქმე თანამედროვე საქართველოში, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი.

ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს ქართული ოცნების ოცნებაა, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს. ძვირფასო მეგობრებო, სიმპათია, რიცხოვნობა და ძალა არის ჩვენს სასარგებლოდ. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელოვან არ აქვს, “ქართული ოცნება” აღიარებს თუ არა 43%-იან ბარიერს, ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ მას”, – ამბობს ნიკა მელია.

28 ივლისს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან, „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა, და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. აშშ-მა კი განაცხადა, რომ „ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია“ მმართველი გუნდის „ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან“.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი