ახალი ამბები

ისინი დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს – სააკაშვილი გვარამიასა და მელიაზე

20 მარტი, 2024 • 3002
ისინი დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს – სააკაშვილი გვარამიასა და მელიაზე

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახალი პარტიების შექმნას თან ახლავს რისკი, რომ ხმები დაიკარგოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. “ფორმულასთან” წერილობით ინტერვიუში მან განაცხადა, რომ “ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”.

“ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები. განსაკუთრებით, მაღალი გამოცხადების პირობებში. 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ […] ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია, ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველზე ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნა, სააკაშვილმა ასე უპასუხა:

“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მოუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება”.

ინტერვიუში სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზეც. მისი თქმით, ივანიშვილის სურს, “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რათა პრეზიდენტს აბსოლუტური უფლებამოსილება დაუბრუნოს და ამ პოზიციაზე თვითონ აირჩეს.


11 მარტს გაიმართა ახალი პარტიის, “ახალის” პრეზენტაცია. პარტიის ლიდერები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია არიან. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა უახლოეს მომავალში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი